ლას ვეგასში ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი საკრივო ორთაბრძოლა გაიმართა: ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) სუპერჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ლეგენდარული ფილიპინელი მენი პაკიაო (62-7-2, 39KO) და ამერიკელი კიტ ტურმანი (29-1, 22KO) ხვდებოდნენ ერთმანეთს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლამდე ტურმანს პროფესიულ რინგზე წაგება არ ჰქონდა, ბუკმეიკერებმა ფავორიტად მაინც 40 წლის პაკიაო გამოაცხადეს.
და ფილიპინელმა თავიდანვე დაიწყო ამ სტატუსის გამართლება – პირველივე რაუნდში გაუშვა ნოკდაუნში ამერიკელი. ტურმანი ეფექტურად დაეცა, მაგრამ ეტყობოდა, რომ მზად იყო ბრძოლის გასაგრძელებლად.
პაკიაოს დომინირება ექვსი რაუნდი გაგრძელდა, მეშვიდეში კი ტურმანმა რამდენიმე სერიოზული დარტყმა მიაყენა მეტოქეს. ამერიკელმა კარგა ხნით მოიპოვა ინიციატივა, რაც ზეწოლისა და საშუალო თუ შორი დისტანციიდან კომბინაციების შედეგი იყო. შეტევებიც უფრო ზუსტი გამოსდიოდა, პაკიაომ კი აქტიურობას უკლო და პაუზების აღება დაიწყო.
მაგრამ ფილიპინელმა მეათე რაუნდში მკვეთრად მოუმატა ტემპს და კინაღამ მეორე ნოკდაუნამდე მივიდა: მენიმ ძლიერად დაარტყა მეტოქეს თირკმელში და ტურმანმა ძლივს გადაიტანა ეს მომენტი.
მიუხედავად პაკიაოს მხრიდან ორი ასეთი წარმატებული ეპიზოდისა, სამსაჯო გადაწყვეტილების ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნდა. სამი მსაჯიდან ერთმა ტურმანს მიანიჭა უპირატესობა (114:113), მაგრამ მისმა კოლეგებმა სხვანაირად განსაჯეს და ფილიპინელს მისცეს მოგება (115:112).
ბრძოლის შემდეგ, რინგზე პაიკაომ განაცხადა, რომ მომავალ წელს ამერიკელ ფლოიდ მეივეზერთან ჩხუბი სურს, 2019 წლის ბოლომდე კი თავის პოლიტიკურ საქმეებს მიხედავს.