მელქაძე „სოჭში“ „გადატვირთვის“ იმედად წავიდა - მწვრთნელს მისი 100 პროცენტით სჯერა #1TVSPORT
მელქაძე „სოჭში“ „გადატვირთვის“ იმედად წავიდა - მწვრთნელს მისი 100 პროცენტით სჯერა #1TVSPORT

ფორვარდმა გიორგი მელქაძემ მოსკოვის „სპარტაკი“ დატოვა და კონტრაქტი „სოჭთან“ გააფორმა. 24 წლის ფეხბურთელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. შემტევი ნახევარმცველის ხელშეკრულება 2,5 წელზეა გათვლილი.

წარმოშობით ქართველი ფეხბურთელს Transfermarkt 800 000 ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში მელქაძემ რუსეთის ჩემპიონატში სამი მატჩი ჩაატარა და გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია.

„სოჭის“ მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ფედოტოვი დარწმუნებულია, რომ გიორგი მელქაძე კლუბში „გადატვირთვას“ და გახსნას მოახერხებს.

„100 პროცენტით მჯერა, რომ „სოჭში“ კარიერულ აღმასვლას დაიწყებს. ამაში ეჭვი არც შემაქვს. ამბიციური ფეხბურთელი ჩამოვიყვანეთ. „ტამბოვში“ და „ახმატში“ გიორგიმ აჩვენა, რომ გოლის გატანა შეუძლია. მას აქვს შემტევი მოთამაშისთვის საჭირო ძალიან კარგი თვისებები – ეს არის სიჩქარე, ტექნიკა და დარტყმა, მაგრამ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ჩვენ კი დამხმარეები ვართ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მას სურვილისა და ამბიციის სიმბიოზი გააჩნია. თავის ამბიციებს ახალ კლუბში ხელახლა გააცნობიერებს“, – თქვა ფედოტოვმა გამოცემა „ჩემპიონატის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში.

გიორგი მელქაძის მამა სამტრედიელია, თავად კი მოსკოვში დაიბადა, კარიერა იქ აიწყო და რუსეთის მოქალაქეა. გიორგის რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ხოლო 2015 წელს რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში საბერძნეთში გამართულ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.