კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოუთმენლად ველოდები მოლაპარაკებებს საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსა და უკრაინასთან
მოუთმენლად ველოდები მოლაპარაკებებს ნატო-ს წევრებთან და ასევე, საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის – საქართველოსა და უკრაინასთან, – ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„მოუთმენლად ველოდები მოლაპარაკებებს ჩვენს წევრებთან და ასევე, საკვანძო სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის – საქართველოსა და უკრაინასთან. ვფიქრობ, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უკიდურესად ამაყი, რომ როგორც ალიანსი, ვართ ძლიერი და ერთიანი“, – განაცხადა მელანი ჯოლიმ.
კანადელი დიპლომატის თქმით, მისი ქვეყანა უკიდურესად შეშფოთებულია უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზების გამო. მან რუსეთს დეესკალაციისკენ და მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.