მეგი გოგოხია - ნაადრევი ქორწინებების მხრივ საქართველო არანაირ განსაკუთრებულ ქვეყანას არ წარმოადგენს
მეგი გოგოხია - ნაადრევი ქორწინებების მხრივ საქართველო არანაირ განსაკუთრებულ ქვეყანას არ წარმოადგენს

ნაადრევი ქორწინებების მხრივ საქართველო არანაირ განსაკუთრებულ ქვეყანას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, მეგი გოგოხიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ნაადრევი ქორწინებები ათასწლეულების მანძილზე სრული ნორმა იყო და ეს ნორმა გარკვეული მიზანშეწონილობით იყო განპირობებული. ელემენტარულად, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა არ იყო ისეთი, რომ ეს აქტი დავუშვათ, 28 წლის ასაკში განხორციელებულიყო. მერე, ამას სერიოზული რეპროდუქციული მნიშვნელობა ჰქონდა. არსებობდა მთელი რიგი მიზანშეწონილობები. ეს იყო ეკონომიკური, სოციალური, ეთნიკური და სხვა. რა თქმა უნდა, ამ მოვლენამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და ტრანსფორმირებული სახით დღესაც არსებობს“, – განაცხადა გოგოხიამ.

მისი თქმით, ნაადრევი ქორწინებების მიმართ ძირეული ცვლა მე-20 საუკუნეში მოხდა, რადგან ტექნიკურმა პროგრესმა ბევრი სამუშაო ადგილი გააჩინა, დაიწყო ასიმილაციური პროცესები, ინფორმაციის გაცვლა და ა.შ.

„მოხდა მთელი რიგი ფაქტორები, რამაც განაპირობა ის, რომ ქალი სხვადასხვა სფეროებში დაკავდა. აქედან გამომდინარე, ადრეული ქორწინების მიზანშეწონილობა შემცირდა. თუმცა, მეორე მხრივ, ბიოლოგიური განვითარების, სქესობრივი მოწიფულობის თვალსაზრისით, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. იმიტომ, რომ ეს ასაკი, რასაც ჩვენ ე.წ პუბერტატს ვეძახით, გოგონებში დაახლოებით, 10 წლიდან იწყება, ხოლო ვაჟებში 12 წლიდან და 17-18 წლამდე მიმდინარეობს. საერთოდ, 14-16 წელი უკვე რეპროდუქციულ ასაკად ითვლება. აქედან გამომდინარე, არსებობს ეს ბიოლოგიური მოცემულობა და მეორე მხრივ, ეს ფაქტორი, რასაც უფრო, გარკვეულ არაცნობიერთან დავაკავშირებდი. ადამიანში ასეთი გენომი არსებობს და ამ ინსტიტუტმა, მდგომარეობამ, რომ ადრეული ქორწინებები იყო, საუკუნეებს გაუძლო. 21-ე საუკუნეში ნამდვილად აღარ არსებობს ამის მიზანშეწონილობა, რომ ქალი 12,14 და 16 წლის ასაკში გავათხოვოთ. არსებობს უამრავი სამსახური და აქტივობა, რითაც შეიძლება, ის დაკავდეს. ეს ყველაფერი ქალს წინა საუკუნეებში არ ჰქონდა“, – განაცხადა გოგოხიამ.

როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნა, განათლებას და მენტალური თვალსაზრისით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ძალიან დიდი როლი ეკისრება.

„ორ-სამ წელიწადში ალბათ, ეს მდგომარეობა ვერ დარეგულირდება. მე ვფიქრობ, რომ მკაცრი სასჯელი არ არის გამოსავალი. როგორც ვიცი, 2017 წლიდან დაუშვებელი გახდა ნაადრევი ქორწინება, მაგრამ საინტერესოა, კანონმდებლობის გამკაცრებამ სტატისტიკური უკუსვლა მოგვიტანა? ეს არ ვიცით. თუ 2017 წლიდან 2019 წლამდე სტატისტიკურად რაღაც უკუსვლა გვაქვს, ალბათ, ეს საჭირო იყო და მისასალმებელია“, – განაცხადა მეგი გოგოხიამ.