მედიის წარმომადგენლებზე ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი - ვიდეოში წარმოდგენილი პიროვნება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის, დავამტკიცებ, რომ შეგეშალათ
მედიის წარმომადგენლებზე ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი - ვიდეოში წარმოდგენილი პიროვნება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის, დავამტკიცებ, რომ შეგეშალათ

სამართლებრივად დავამტკიცებთ, რომ ვიდეოში წარმოდგენილი პიროვნება თემურ ხარაული არ არის, – ასე მიმართა ჟურნალისტებს მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული თემურ ხარაულის ადვოკატმა ოთარ ხურციძემ.

მისი განცხადებით, თემურ ხარაულს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

„სამართლებრივად დავამტკიცებთ, რომ ვიდეოში წარმოდგენილი პიროვნება თემურ ხარაული არ არის. თქვენ მე სამართლებრივად მედავებით. ჩვენ სასამართლოში დავამტკიცებთ, რომ თქვენ შეგეშალათ, ამას შემდეგ ვიხილავთ. არაფრის მრცხვენია. ვარ უფლებადამცველი, გავეცანი საქმის მასალებს და დავამტკიცებ, რომ თქვენ ბევრი რამ გეშლებათ“, – განაცხადა ადვოკატმა.

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა, რითაც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს სახელით მიიღო.