მედიის წარმომადგენლებმა მზია ამაღლობელის დაკავება მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს
მედიის წარმომადგენლებმა მზია ამაღლობელის დაკავება მთავრობის ადმინისტრაციასთან გააპროტესტეს

„ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავება მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილე ჟურნალისტების თქმით, ამაღლობელი უკანონოდ არის დაკავებული. მედიის წარმომადგენლები ითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

„მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მზია ამაღლობელის უკანონოდ დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სასწრაფოდ მოხდეს გამოძიება“, – აცხადებენ მედიის წარმომადგენლები.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა მედიის წარმომადგენლებმა განცხადება წაიკითხეს, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებენ, დაინტერესდნენ ამაღლობელის საქმით. აქციის მონაწილე მედიის წარმომადგენლების განმარტებით, გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია ამაღლობელის დაკავება დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს.

სამართალდამცველებმა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.