მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა
მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა

მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

China Eastern Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელზეც 132 ადამიანი იმყოფებოდა, გუშინ სამხრეთ ჩინეთში, გუანქსის პროვინციაში ჩამოვარდა. კატასტროფის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ჯერჯერობით კვლავ უცნობია დაღუპულთა ზუსტი რიცხვი, თუმცა შიშობენ, რომ კატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.

მომხდარ კატასტროფას გამოეხმაურა ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი და შესაბამის სამსახურებს ინციდენტის სრულად გამოძიება დაავალა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ერთი საათის აფრენილი იყო კუნმინიდან და გოუანჟოუს აეროპორტს უახლოვდებოდა, როდესაც მოულოდნელად სიმაღლის დაკარგვა დაიწყო. უცნობია, რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი. შესაბამის ჯგუფებს, ჯერ არ უპოვიათ თვითმფრინავის შავი ყუთი, რომელიც გამოძიებას თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზის დადგენაში უნდა დაეხმაროს.