მედიის ცნობით, თურქეთის საზღვართან რუსეთის სამხედრო პოლიციას თურქეთის ძალებმა ცეცხლი გაუხნეს, რუსეთი ინფორმაციას უარყოფს
სირიის ჩრდილოეთ ნაწილში რუსეთის სამხედრო პოლიციას თურქმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, – ინფორმაციას ამის შესახებ ქურთული საინფორმაციო სააგენტო „ჰავარი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ინციდენტი თურქეთ-სირიის საზღვარზე, დერბასიას ბლოკსაგუშაგოსთან მოხდა, რა დროსაც დაშავდა ორი რუსი სამხედრო, ორი ჟურნალისტი და ოთხი მშვიდობიანი მცხოვრები. ქურთული მხარის მტკიცებით, რუსეთის ძალებს ცეცხლი სასაზღვრო რაიონის პატრულირებისას გაუხსნეს.
აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. უწყების განცხადებით, რუსეთის ძალებისთვის ცეცხლი არ გაუხსნია. თუმცა, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსული სამხედრო პოლიციის კოლონასთან მცირე აფეთქება მოხდა, რა დროსაც სამხედროები არ დაშავებულან.
თავის მხრივ, სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ იტყობინება, რომ თურქეთის ძალებმა ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს არა პატრულს, არამედ სასაზღვრო პოსტს, რომლის მახლობლადაც იმყოფებოდა რუსული სამხედრო პატრული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სამხედრო პოლიციის თურქულ მხარესთან დაგეგმილი შეხვედრისთვის მზადებისას დერბასიას გადასასვლელზე რუსული ჯავშანმანქანების მახლობლად დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. უწყების მტკიცებით, მცირე აფეთქების შედეგად რუსი სამხედროები არ დაშავებულან, ხოლო ტექნიკა არ დაზიანებულა, თურქულ მხარესთან დაგეგმილი შეხვედრამ კი გეგმის მიხედვით ჩაიარა.