მედიის ცნობით, სამხრეთ კორეაში პოლიციამ პრეზიდენტის ოფისში რეიდი ჩაატარა
მედიის ცნობით, სამხრეთ კორეაში პოლიციამ პრეზიდენტის ოფისში რეიდი ჩაატარა

სამხრეთ კორეაში პოლიციამ პრეზიდენტის ოფისში რეიდი ჩაატარა. ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირაა, ვითარება საკმაოდ დაძაბულია. გადადგომის მოწოდებებისა და იმპიჩმენტის მცდელობის მიუხედავად, პრეზიდენტი იუნი კვლავ რჩება თანამდებობაზე. როგორც „ბიბისი“ წერს, მის წინააღმდეგ, შესაძლოა, გამოძიება აჯანყებისა და ღალატის ბრალდებით დაიწყოს.

ამასთან, მედიის ცნობით, სამხრეთ კორეაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულმა სამხრეთ კორეის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა. ყოფილი მინისტრი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო საომარი მდგომარეობა 3 დეკემბერს გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ამის საშუალებით თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანას აღადგენს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მანამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო სხდომა გამართა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ არსებობს ხელისუფლების პარალიზების რისკი, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის გამოცხადება. სამხრეთ კორეაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი პოლიციამ დაბლოკა, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. 4 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკის კაბინეტმა საგანგებო საომარი მდგომარეობა გააუქმა. ამასთან, 10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქმეს სპეციალური პროკურორი გამოიძიებს. ხანმოკლე საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო თანამდებობიდან გადადგნენ სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან დაახლოებული პირები.