მედიის ცნობით, რუსეთის სასამართლომ დახურა რუსული ტერმინალი, რომლითაც ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი ხორციელდებოდა
რუსეთის სასამართლომ დახურა რუსული ტერმინალი, რომლითაც ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი ხორციელდებოდა. ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კასპიის მილსადენის კონსორციუმი“ 30 დღის განმავლობაში შეწყვეტს მუშაობას.
მიზეზი გახდა „როსტრანსნადზორის“ მიერ სახიფათო საწარმოო ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებისას გამოვლენილი დარღვევები და მათი ექსპლუატაციისას ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვა.
„კასპიის მილსადენის კონსორციუმი“ ყაზახური ნავთობის გატანის ძირითადი მარშრუტია, რომელზეც ქვეყნის ნავთობის ექსპორტის 80%-ზე მეტი მოდის. მილსადენის სიმძლავრე 67 მილიონი ტონაა წელიწადში.
როგორც მედია წერს, ყაზახეთს, რომელსაც ნავთობის დიდი მარაგი აქვს, კასპიის ზღვის გარდა არ გააჩნია ზღვაზე წვდომა და ნავთობის ექსპორტი ძირითადად შავი ზღვის ნოვოროსიისკის ტერმინალის გავლით ხორციელდება.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში ომის გამო, ბოლო დროს რუსეთსა და ყაზახეთს შორის უთანხმოება მოხდა. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა ყაზახეთის მხრიდან ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება.