მედიის ცნობით, პენტაგონი უარს აცხადებს პოლონეთის შეთავაზებაზე, აშშ-ს განკარგულებაში გადასცეს თავისი ავიაგამანადგურებლები
პენტაგონი უარს აცხადებს პოლონეთის შეთავაზებაზე, აშშ-ს განკარგულებაში გადასცეს თავისი ავიაგამანადგურებლები. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
„როგორც უკვე ვთქვით, გადაწყვეტილება, გადასცეს თუ არა უკრაინას პოლონეთის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავები, მხოლოდ პოლონეთის მთავრობის მისაღებია“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ და აღნიშნა, რომ პოლონეთის შეთავაზება აჩვენებს მხოლოდ ზოგიერთ სირთულეს, რომელსაც წარმოადგენს ეს საკითხი.
როგორც ჯონ კირბიმ აღნიშნა, მთელი ნატო-ს ალიანსის შეშფოთებას იწვევს იმის პერსპექტივა, რომ „აშშ-ის ხელისუფლების განკარგულებაში არსებული საბრძოლო თვითმფრინავი“ აფრინდება გერმანიაში მდებარე აშშ/ნატო-ს ბაზიდან და შევა საჰაერო სივრცეში უკრაინის თავზე.
„ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია, რომ ამისი არსებითი დასაბუთება არსებობს. ჩვენ გავაგრძელებთ პოლონეთთან და ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან კონსულტაციას ამ საკითხზე და იმ რთულ ლოჯისტიკურ გამოწვევებზე, რომლებსაც ის წარმოადგენს, თუმცა ჩვენ არ გვჯერა, რომ პოლონეთის შეთავაზება გონივრულია“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის, თავის კუთვნილებაში არსებული „მიგ-29“ ტიპის ყველა გამანადგურებელი გერმანიაში მდებარე რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განათავსოს და გადასცეს ისინი აშშ-ის ხელისუფლების განკარგულებაში დაუყოვნებლივ და უფასოდ.