მედიის ცნობით, კანადის პარლამენტის სპიკერი უკრაინელი ნაცისტის მიწვევის სკანდალის ფონზე თანამდებობიდან გადადგა
მედიის ცნობით, კანადის პარლამენტის სპიკერი უკრაინელი ნაცისტის მიწვევის სკანდალის ფონზე თანამდებობიდან გადადგა

კანადის პარლამენტში უკრაინელი ნაცისტის მიწვევის სკანდალის ფონზე კანადის პარლამენტის სპიკერი ენტონი როტა თანამდებობიდან გადადგა.

მოკლე განცხადებაში სპიკერმა მადლობა გადაუხადა პარლამენტარებს ნდობისთვის, კანადის თემთა პალატის სპიკერად არჩევისთვის წინა და მიმდინარე მოწვევებზე.

„დამძიმებული გულით ვატყობინებ წევრებს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ“, – აღნიშნა როტამ.

მისივე თქმით, სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ ქმედებებზე.

„ამ პალატის მუშაობა ნებისმიერ ჩვენგანზე მაღლა დგას, ამიტომ, მე უნდა დავტოვო თანამდებობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ჩემს ღრმა სინანულს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარლამენტში გამოსვლისას ჩემი შეცდომის გამო. ეს საჯარო აღიარებაა. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ჩემს ქმედებებზე, რამაც ტკივილი მიაყენა ადამიანებს და თემებს, მათ შორის ებრაულ თემს კანადაში და მთელ მსოფლიოში. ჩემი გადადგომა ძალაში შედის ხვალიდან“, – განაცხადა კანადის პარლამენტის სპიკერმა.

ენტონი როტას კოლეგებმა და მთავრობის წევრებმა გადადგომისკენ მას შემდეგ მოუწოდეს, რაც გაირკვა, რომ მან 98 წლის იაროსლავ ჰუნკა გასულ კვირას, ზელენსკის კანადაში ვიზიტის დროს პარლამენტში მიიწვია.

როტამ ის წარადგინა, როგორც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელიც რუსების წინააღმდეგ იბრძოდა და მას გმირი უწოდა. მოგვიანებით ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჰუნკა მსახურობდა მე-14 ვაფენ-ესეს-ის გრენადიერთა დივიზიაში, რომელიც ასევე ცნობილი იყო, როგორც გალიციის დივიზია. ეს იყო მოხალისეთა დანაყოფი, რომელიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან იყო დაკომპლექტებული და ნაცისტების მეთაურობით მოქმედებდა.

მანამდე კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ამ შემთხვევას უკიდურესად უხერხული ფაქტი უწოდა.