მედიის ცნობით, გვინეაში ებოლას მსგავსი ვირუსი დაფიქსირდა
მედიის ცნობით, გვინეაში ებოლას მსგავსი ვირუსი დაფიქსირდა

გვინეაში ებოლას მსგავსი მომაკვდინებელი ვირუსი დაფიქსირდა. ინფორმაცის „ბიბისი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და გვინეის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურეს ქვეყანაში მარბურგის ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მარბურგის ვირუსი ებოლას ვირუსის მსგავსია და ადამიანზე ცხოველიდან გადადის.

მამაკაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ვირუსით 25 ივლისს დაინფიცირდა და 2 აგვისტოს გარდაიცვალა გვინეის, ლიბერიისა და სიერა ლეონეს საზღვრების კვეთაზე მდებარე სოფელ გუკედუში. მას მალარიაზე მკურნალობდნენ. ჩატარებული კვლევებით მას ებოლა ვირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა მოგვიანებით აღებულმა სინჯებმა მის სხეულში მარბურგის ვირუსის არსებობა დაადასტურა.

მარბურგის ვირუსი პირველად გერმანიის ქალაქ მარბურგში დაფიქსირდა 1967 წელს. მისი გადამტანი აფრიკიდან შემოყვანილი მწვანე მაიმუნი გახდა, რომლისგანაც 31 ადამიანი დაინფიცირდა და შვიდი გარდაიცვალა. ვირუსისგან სიკვდილიანობა 24-დან 88 პროცენტამდე მერყეობს. მისი სიმპტომებია მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი და სხეულის სისუსტე. ადამიანიდან ადამიანზე ვირუსი ახლო კონტაქტით და ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის გავრცელების საფრთხის მაღალი დონე გამოაცხადა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებისთვის და დაბალი დონე მთელი მსოფლიოსთვის. გვინეაში ორგანიზაციის ათი ეპიდემიოლოგი იმყოფება. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აქტიური დაკვირვების ქვეშ არიან. მიმდინარეობს სხვა კონტაქტების ძიებაც.