მედიის ცნობით, გერმანიაში საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში დასაქმებული ათასობით ექიმი გაფიცვას გეგმავს
საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში დასაქმებული ათასობით გერმანელი ექიმი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელფასებსა და სამუშაო საათებთან დაკავშირებით დავის ფარგლებში გაიფიცება, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გერმანელი ექიმები 23 სახელმწიფო საუნივერსიტეტო საავადმყოფოდან სამშაბათს გაიფიცებიან, რადგან საავადმყოფოების მენეჯერებმა და პროფკავშირების ლიდერებმა კოლექტიური მოლაპარაკებების დროს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ გერმანიის ქალაქ ჰანოვერში რამდენიმე ათასი ექიმი გამართავს აქციას, რათა მოითხოვონ ხელფასების გაზრდა და სამუშაო ცვლაში შეზღუდვა, რაც იწვევს არარეგულარულ სამუშაო საათებს. პროფკავშირები, რომლებიც ექიმებს წარმოადგენენ, ითხოვენ 20 000-ზე მეტი ექიმისთვის ანაზღაურების 12,5 პროცენტით გაზრდას, ასევე უფრო მაღალ ბონუსებს რეგულარულ ღამისა და შაბათ-კვირის ცვლებში.