მედიის ცნობით, ბრიტანეთი, პოლონეთი და უკრაინა თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნას გეგმავენ
მედიის ცნობით, ბრიტანეთი, პოლონეთი და უკრაინა თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნას გეგმავენ

დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და უკრაინა აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნის თაობაზე განცხადების გაკეთებას გეგმავენ, – ამის შესახებ უკრაინული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, აღნიშნული ფორმატის შექმნის თაობაზე დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები კიევში ვიზიტისას განაცხადებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ბორის ჯონსონი და მატეუშ მორავიეცკი კიევს მიმდინარე კვირაში ეწვევიან.

ქვეყნებს შორის სავარაუდო ახალი ფორმატის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე პირველად გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზ თრასმა 21 იანვარს ისაუბრა.

„ვაძლიერებთ ჩვენს ორმხრივ პარტნიორობას, 2021 წლის დეკემბერში ლონდონში გამართული მაღალი დონის მოლაპარაკებების შემდეგ და ვავითარებთ ახალ სამმხრივ კავშირებს პოლონეთთან და უკრაინასთან“, – აღნიშნა თრასმა.