მედეა მეტრეველი - ჩვენი მთავარი მიზანია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის წარმატებით განხორციელება
მედეა მეტრეველი - ჩვენი მთავარი მიზანია, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის წარმატებით განხორციელება

ქართული წიგნის ცენტრის დირექტორის, მედეა მეტრეველის განცხადებით,  ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ გამოიძებნოს ყველა ის კომპრომისული გზა, რაც სიტუაციიდან გამოიყვანს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს.

“ჩვენი მთავარი მიზანია, პროექტის წარმატებით განხორციელება. შესაბამისად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ყველა მხრიდან, რომ გამოიძებნოს ყველა ის კომპრომისული გზა, რაც სიტუაციიდან გამოიყვანს პროექტს. ასევე, ცენტრის გუნდსა და თანამშრომლებს მოგვეცემა საშუალება, ვაკეთოთ ის საქმე, რაც ძალიან გვიყვარს და ვაკეთოთ ის პროგრამა, რომელიც პროექტის მთავარ გმირების ქართული ლიტერატურისა და ქართველი მწერლების ღირსეულად წარმოჩენისთვის არის საჭირო”,- განაცხადა მეტრეველმა კულტურის სამინისტროში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ქართველი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და გამომცემლები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს დღეს შეხვდნენ. მათი განცხადებით, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა საფრთხის ქვეშ დადგა, მას შემდეგ, რაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა და ამ პროექტის ხელმძღვანელმა, მედეა მეტრეველმა გათავისუფლების მოთხოვნით მინისტრის სახელზე განცხადება დაწერა.

სამინისტროში მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ, დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ განაცხადა, რომ მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამაზდებელ პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს, თუმცა მოგვიანებით კულტურის მინისტმა განაცხადა, რომ ბერიკაშვილმა ეს გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღო.

 

დატოვე კომენტარი