მეცნიერული კვლევა პენალტის შესახებ - რაც მეტს ფიქრობს მოთამაშე, მით უფრო ხშირად აფუჭებს 11-მეტრიანს #1TVSPORT
ნიდერლანდების ქალაქ ტვენტეს უნივერსიტეტის მაგისტრანტმა მაქს სლატერმა ჩაატარა კვლევა ფეხბურთელების ტვინის აქტივობის შესახებ პენალტის შესრულების დროს.
მეცნიერს სურდა გაეგო – როგორ შეიძლება ფეხბურთელმა, რომელიც უზუსტეს გადაცემებს ასრულებს და ვირტუოზულად ფლობს ბურთს, ვერ გაიტანოს 11 მეტრიდან. კვლევაში მონაწილეობდა 22 მოხალისე. თითოეულმა სამი პენალტი შეასრულა. ექსპერიმენტისას მათ ეკეთათ სპეციალური ტექნოლოგიის ყურსასმენები, რომელიც მოძრაობისას ტვინის აქტივობას იკვლევს.
პირველ პენალტს მონაწილეები ცარიელ კარში ასრულებდნენ, მეორე ცდაზე კარში მეკარე იდგა, ოღონდ უმოქმედო. მესამე ცდა კი მაქსიმალურად იყო მიახლოებული რეალობას. მათ, რომლებმაც პენალტი ვერ გაიტანეს, დაუფიქსირდათ ტვინის იმ ნაწილის აქტიურობა, რომელიც გრძელვადიან აზროვნებას უკავშირდება.
სლატერმა მიიჩნია, რომ ეს მონაწილეები ბევრს ფიქრობდნენ საკუთარ დარტყმებსა და საბოლოო შედეგზე. ხოლო ისინი, ვინც პენალტები გაიტანეს, საკუთარი ორგანიზმის ავტომატურ თვისებებს ეყრდნობოდნენ.