მეცნიერებმა უძველესი ჰომო საპიენსის სახე აღადგინეს — იერი ძლიერ ნაცნობია #1tvმეცნიერება
მაროკოში აღმოჩენილი 315 000 წლის წინანდელი ადამიანის ნამარხის გამოყენებით, მეცნიერებმა მისი სახე ციფრულად აღადგინეს.
შედეგები გვიჩვენებს, როგორი შესახედაობის შეიძლება ყოფილიყო ჩვენი სახეობის ერთ-ერთი უძველესი წარმომადგენელი.
ძლიერი ნაკვთებისა და წინ წამოწეული ყბის მიუხედავად, მისი სახე ჩვენთვის მთლად უცნაური მაინც არაა.
„როგორც ინდივიდი, ის ჯოგში ალბათ არაფრით იქნებოდა გამორჩეული, მაგრამ ახლოდან შეხედვით გამოვლინდებოდა რაღაც ისეთი, რაც მას დანარჩენებისგან გამოარჩევდა — კერძოდ მისი მკვეთრად გამოხატული ნაკვთები და წინ წამოწეული ყბა“, — ამბობს 3D დიზაინერი სისერო მორაესი.
ამ სახის ამბავი 1960-იან წლებში იწყება, როცა მაროკოში, ჯებელ-ირჰუდში მინერალების მოპოვებისას მუშამ თავის ქალა აღმოაჩინა. მეცნიერებმა თავდაპირველად იფიქრეს, რომ ის დაახლოებით 40 000 წლის წინანდელ აფრიკულ ნეანდერტალელს ეკუთვნოდა.
შემდეგი გათხრებისას კიდევ უფრო მეტი ადამიანის ნაშთი და ქვის იარაღი აღმოაჩინეს. ნაპოვნი ნიმუშების შესწავლისას, სრულიად შეიცვალა მათი წარმოდგენა როგორც ამ ადამიანების, ისე მათი ასაკის შესახებ.
2017 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ძვლები ჩვენი სახეობის — ჰომო საპიენსის ადრეულ წარმომადგენლებს ეკუთვნოდა. დათარიღების მეთოდით დადგინდა, რომ ნამარხების შემცვბელი შრე დაახლოებით 315 000 წლისაა, ცდომილება კი დაახლოებით 34 000 წელია.

აღმოჩენამ ჩვენი სახეობის ჩვენთვის ცნობილი ისტორია დაახლოებით 100 000 წლით უკან გადასწია და შედეგად, ჯებელ-ირჰუდის ნაშთები გახდა ჰომო საპიენსის უძველესი ნამარხები ჩვენთვის ცნობილთა შორის. სწორედ ეს ნამარხები წარმოადგენს სახის რეკონსტრუქციის საფუძველს.
არ არსებობდა ერთი პირის სრული თავის ქალა, რომლის საფუძველზეც ეს გაკეთდებოდა. მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა სხვადასხვა ნამარხი ნიმუშები ერთ უფრო სრულ ციფრულ თავის ქალად გააერთიანეს.
მისი თავის ქალისა და სახის ზედა ნაწილის უმეტესი ნაწილი თავდაპირველ თავის ქალას ეკუთვნის, რომელსაც ირჰუდ 1-ს უწოდებენ.
ნაკლული ნაწილები, მათ შორის ქვედა ყბა და კბილები იმავე არქეოლოგიურ შრეში ნაპოვნი სხვა ნაშთებიდან აიღეს. შესაბამისად, მიღებული სახე არ შეიძლება მივიჩნიოთ ერთი ინდივიდის ზუსტ პორტრეტად.
მორაესს ამ კომპონენტებს შორის შესაბამისობა დამაჯერებლად მიაჩნია.
„ქვედა ყბა და კბილები, რომლებიც სხვა ინდივიდს ეკუთვნის, გამორჩეულად კარგად ჯდება. შესაბამისად, მისი ნამდვილი ქვედა ყბაც რომ გვეპოვა, ძლიერ სავარაუდოა, რომ თავის ქალა ამჟამინდელი კონფიგურაციისგან განსხვავებული არ იქნებოდა“, — ამბობს მორაესი.
კომპოზიტი თავის ქალის ფოტოებისა და ვიდეოების შექმნა მისმა ჯგუფმა 2017 წლის კვლევით დაიწყო. შექმნეს თავის ქალას სამგანზომილებიანი მოდელი და მისი მასშტაბი გამოქვეყნებულ მონაცემებს შეადარეს.

შემდეგ საჭირო იყო სახის საფარის შედარება ამ ძვლებთან.
ამისათვის გამოიყენეს ანონიმური თანამედროვე ადამიანის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელმაც აჩვენა თავის ქალა და მიმდებარე ქსოვილები. კომპიუტერში დონორის თავის ქალა ისე შეცვალეს, რომ უძველეს მოდელს დამთხვეოდა. მასთან ერთად სახის ქსოვილებიც შეიცვალა, რაც გარეგნობის ჩამოყალიბების საწყის წერტილად იქცა.
შედეგების დახვეწაში დაეხმარა ცოცხალ ადამიანთა ქსოვილის სისქის გაზომვები, რისთვისაც გამოიყენეს უფასო, ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფა Blender-ი და მისი OrtogOnBlender ხელსაწყოები. ეს არ არის ერთჯერადი ტექნიკა, რომელიც კონკრეტულად ამ თავის ქალისთვის გამოიგონეს — იგივე ანატომიური დეფორმაციის მეთოდი შემუშავებული და გამოცდილია სულ მცირე 2013 წლიდან.
თუმცა, უმეტესი საქმე მაინც ძვლებმა გააკეთა. რა თქმა უნდა, შემორჩენილი არაა ამ უძველეს ადამიანთა კანი ან კუნთები, რბილ ქსოვილთა სისქის მონაცემები კი თანამედროვე ადამიანებისგან აიღეს და მკვლევრები არ ამტკიცებენ, რომ უძველეს და თანამედროვე ადამიანთა ანატომია ერთნაირია.
მკვლევრებმა ასევე შეამოწმეს თავის ქალის მოდელის შიდა განზომილებები. მისი ქალის ღრუს მოცულობა 1364 მილილიტრს შეადგენდა, რაც ახლოსაა ადრე გაკეთებულ შეფასებასთან — 1375 მილილიტრთან, რომელიც ნამარხის კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალეს. ეს თანხვედრა ადასტურებს თავის ქალის მოდელის პროპორციებს, თუმცა ვერ განსაზღვრავს, რამდენად ზუსტადაა სახე აღდგენილი.

დასრულებული გამოსახულებები ორი სახისაა — ნაცრისფერ ტონებში შესრულებული ვერსიები თმის გარეშე და ფერადი ვერსიები, რომლებზეც ასახულია კანის პიგმენტაცია, თმა და სახის თმიანობა.
„სუბიექტურობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ გაფერადებული გამოსახულება — რომელზეც სახის თმის საფარიცაა გამოსახული — ყველაზე მხატვრული ვერსიაა და მასში ნაკლებად არის წარმოდგენილი მეცნიერულად მყარი დეტალები“, — განმარტავს მორაესი.
ამ დეტალების პირდაპირ ნამარხებიდან წაკითხვა შეუძლებელია. ნაცრისფერი გამოსახულებები მათ არ მოიცავს, რათა მნახველმა შეძლოს სახის სავარაუდო ფორმის დათვალიერება.
ნამარხების წინა ანალიზებმა გამოავლინა თანამედროვე გარეგნობის სახე და არქაული შესახედაობის თავის ქალა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თანამედროვე ადამიანის ნაკვთები სხვადასხვა დროს ჩამოყალიბდა.
მორაესისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნანატრი მომენტი საბოლოო შტრიხების დატანამდე დგება — მაშინ, როდესაც კომპიუტერის ეკრანზე პირველად იკვეთება ძირითადი ნაკვთები.
კვლევა ჟურნალ Heritage-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.