სისხლის კოლტები ორგანიზმის თანდაყოლილი გზაა სისხლდენის შესაჩერებლად. შესაბამის პირობებში, მათ თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ.
ახლახან, მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი, ინდივიდუალურად დამზადებული სისხლის კოლტები, რომლებიც ბუნებრივზე უფრო სწრაფად წარმოიქმნება და დიდხანს ძლებს.
მათ ინჟინერიით შექმნილ სისხლის კოლტებს (EBC) უწოდებენ და შექმნილია მეთოდით, რომელსაც „დაწკაპუნებით“ შედედებას უწოდებენ — პაციენტის ან დონორის სისხლით.
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ეს სუპერკოლტები, რომლებიც წამებში წარმოიქმნება, შეიძლება გამოვიყენოთ გადაუდებელი გამოყენების პატჩებად ქირურგიული ოპერაციების ან უბედური შემთხვევების დროს.
ტექნოლოგია ამერიკელ და კანადელ მკვლევართა ჯგუფმა შექმნა; ისინი დარწმუნებული არიან, რომ ინჟინერიული სისხლის კოლტები ხელს შეუწყობს ძლიერი სისხლდენის შეჩერებას და ქსოვილების სწრაფ შეხორცებას. ის შეიძლება განსაკუთრებით გამოსადეგი გახდეს სისხლის შედედების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.
„სისხლის ბუნებრივი კოლტები ნელა წარმოიქმნება და მექანიკურად მყიფეა, რაც ზღუდავს მათ მიერ ძლიერი სისხლდენის შეჩერების უნარს და შეიძლება ხელი შეუშალოს შეხორცებას. ჩვენი ნაშრომი აჩვენებს, რომ როცა სათანადოდ ინჟინირებულია, სისხლის წითელი უჯრედები ცენტრალურ სტრუქტურულ როლს ასრულებენ, რაც უფრო ძლიერი და ფუნქციონალური ბიომასალების დიზაინის შექმნის საშუალებას იძლევა“, — ამბობს კანადის მაკგილის უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერი ჯიანიუ ლი.
სისხლის წითელი უჯრედების გამოყენება მნიშვნელოვანია — კოლტის ბუნებრივად წარმოქმნისას, ისინი მის თითქმის ნახევარს შეადგენენ, მაგრამ განსაკუთრებით ძლიერია მექანიკური თვალსაზრისით, რის გამოც, ისინი დაბზარვისკენაა მიდრეკილი.
მკვლევრებმა სისხლის წითელი უჯრედები უფრო მყარ საშენ მასალებად გარდაქმნეს მიკროსკოპული ქიმიური რეაქციების გამოწვევის გზით, რომლებიც მათ ერთმანეთთან შეკავშირებას უწყობს ხელს.
ეს ქიმიური რეაქციები სწრაფი და უსაფრთხოა და ბიოინჟინერიით მიღებული კოლტი შეიძლება დაემატოს ბუნებრივ კოლტს გელის — ციტოგელის სახით.
გაუმჯობესებული კოლტების შექმნის წინა მცდელობები ფოკუსირებული იყო უფრო მეტად ფიბრინულ ბოჭკოებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სტრუქტურულ სიმტკიცეს. ისინი უფრო მკვრივი და მტკიცეა, მაგრამ შეადგენენ სისხლის ბუნებრივი კოლტების ძალიან მცირე ნაწილს (ერთ პროცენტზე ნაკლებს).
ახალი მიდგომით, გაუმჯობესდა საშენი მასალები და არა „ხარაჩოები“.
ინჟინერიით შექმნილ სისხლის კოლტები მკვლევრებმა ლაბორატორიაში ვირთხებზე დატესტეს, რითაც დამტკიცდა, რომ ისინი 13-ჯერ უფრო მდგრადია დაბზარვის მიმართ და ოთხჯერ უფრო წებოვანია, ვიდრე სისხლის ბუნებრივი კოლტები.
ტესტებში არ დაფიქსირდა იმუნური სისტემის სახიფათო რეაგირების ნიშნები ან რაიმე სახის ტოქსიკურობა ვირთხის დაზიანებული ღვიძლის წარმატებით აღდგენის პროცესში.
ჯგუფის განცხადებით, სუპერკოლტი გელის დამზადება სწრაფად არის შესაძლებელი — დაახლოებით 10 წუთში მისი ალოგენური ფორმის შემთხვევაში (გამოიყენება ტიპის შესაბამისი დონორის სისხლის) და 20 წუთში ავტოლოგიური ფორმის შემთხვევაში (პაციენტის საკუთარი სისხლის გამოყენებით).
„ტიპური კლინიკური დროის შეზღუდვების გათვალისწინებით, ამ მიდგომას ძლიერი პოტენციალი აქვს სტაციონარული გადაუდებელი დახმარების, ჭრილობების მართვისა და მასთან დაკავშირებული გარემოსთვის“, — ამბობს ლი.

შეიძლება უფრო კარგად იცოდეთ სისხლის კოლტების სახიფათო ტიპს, რომელიც სისხლძარღვებში წარმოიქმნება და ბლოკავს სისხლის მიმოქცევას ფილტვებში ან ტვინში. ამ სახის კოლტები სიცოცხლისთვის საშიშია.
თუმცა, ინჟინერიით შექმნილი სისხლის კოლტები პირიქით, გამოსადეგი. თუკი ადამიანი სისხლის გამათხელებლებს იღებს საზიანო კოლტების წარმოქმნის რისკის შესამცირებლად, ასევე შემცირებულია მათი სხეულის მიერ სასარგებლო სისხლის კოლტების წარმოქმნის უნარი. სწორედ აქ შეიძლება ჰქონდეს ციტოგელს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა სისხლის კოლტების სიძლიერისა და სტაბილურობის თვალსაზრისით.
ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. „დაწკაპუნებით შედედების“ მეთოდი ჯერ მხოლოდ ვირთხებზე დაიტესტა და საჭიროა, დადგინდეს, იმუშავებს თუ არა ინჟინერიული სისხლის კოლტები რეალური ცხოვრებაში, კლინიკურ სიტუაციებშიც.
ასევე საჭიროა ინჟინერიული სისხლის კოლტების დახვეწა სისხლის შედედების სხვადასხვა თვისებების შესაცვლელად, რათა დაემთხვეს სხვადასხვა სცენარებს — ორგანოების აღდგენიდან დაწყებული, არტერიული სისხლდენის შეჩერებით დამთავრებული (მაგალითად, ციტოგელი ჯერ საკმარისად ძლიერი არაა, რათა მაღალი წნევის სისხლდენა დაბლოკოს).
ასეთი შეზღუდვების მიუხედავადაც კი, საწყისი შედეგები იმედისმომცემია. ამჟამად კვლევის ქვეშ მყოფ სხვა მეთოდებთან ერთად, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გვქონდეს სისხლის შედედების თანდაყოლილი უნარის გაძლიერების საიმედო გზები.
„ინჟინერიულ სისხლის კოლტებს ძლიერი პოტენციალი აქვს ფართო კლინიკურ გამოყენებაში და შეიძლება გააუმჯობესოს შედეგები მრავალ სამედიცინო სიტუაციაში“, — ამბობს კანადის მაკგილის უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერი ჯიანიუ ლი.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია mcgill.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.



