მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საქართველოში 60 წლის ადამიანებს ყველა ის დაავადება აწუხებთ, რაც 65 წლის ასაკში ვითარდება
მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ ყველაზე გვიან ადამიანები იაპონიაში ბერდებიან. ახალი მასშტაბური კვლევა ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნდა. მკვლევარებმა 195 ქვეყნის მოსახლეობის მონაცემები შეადარეს და დაადგინეს, რომ სიბერესთან დაკავშირებული დაავადებები ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნებში განსხავავებულ ასაკში უჩნდებათ.
საუბარია 92 დაავადებაზე, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაუარესებას იწვევს. მათ შორის არის გულ-სისხლძარღვთა 13 და სასუნთქი გზების 6 ქრონიკული დაავადება, 35 სახეობის კიბო, დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული დაავადებები, ტრავმები და ნეიროდეგენერაციული დაავადებები, ასევე სმენისა და მხედველობის გაუარესება.
საინტერესოა, რომ რეიტინგის ლიდერ ქვეყნებსა და აუტსაიდერებს შორის სხვაობა თითქმის 30 წელია.
ქვეყნების ათეულს, სადაც მოქალაქეები ყველაზე ადრე ბერდებიან, პაპუა-ახალი გვინეა უგას სათავეში. ამ ქვეყნის მოქალაქეები 45 წლის ასაკში ბერდებიან და თავს ისე გრძნობენ, როგორც 65 წლის ადამიანები.
მეორე ადგილზეა მარშალის კუნძულები, სადაც 51 წლის მოქალაქეებს, უკვე აღენიშნებათ ყველა ის დაავადება, რომელიც 65 წლის ასაკის ადამიანებს აქვთ.
მესამეა ავღანეთი, სადაც სიბერე 51 წლის ასაკში დგება. მას მოსდევს ვანუატუ, სოლომონის კუნძულები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტო, კირიბატი, გვინეა-ბისაუ და მაკრონეზია. ყველა ამ ქვეყანაში მოქალაქეები 55 წლის ასაკში ბერდებიან.
რაც შეეხება ლიდერებს, კვლევის თანახმად ყველზე გვიან იაპონელები ბერდებიან. ამომავალი მზის ქვეყნის მოქალაქეები 76 წლის ასაკში ისე გრძნობენ თავს, როგორც 65 წლის ადამიანები. ანალოგიური შედეგი აქვს შვეიცარიას, საფრანეგთსა და სინგაპურს. ქუვეითში 65 წლის ასაკის მოქალაქეებისთვის დამახასიათებელი დაავადებები მოქალაქეებს 10 წლით გვიან, 75 წლის ასაკში უჩნდებათ.
ასეთივე შედეგი აჩვენეს სამხრეთ კორეელებმა და ესპანელებაც. კვლევის მიხედვით, იტალიაში სიბერე 74 წლის ასაკში დგება. ათეულში დაახლოებით ასეთივე შედეგი აქვს პუერტო-რიკოს და პერუს.
რაც შეეხება საქართველოს, მკვლევარების შეფასებით, საქართველოში 60 წლის ადამიანებს ყველა ის დაავადება აწუხებთ, რაც წესით, 65 წლის ასაკში ვითარდება.
კვლევა ამერიკელმა, ნორვეგიელმა და ესპანელმა მეცნიერებმა ერთობლივად შეადგინეს. მათ 195 ქვეყნის მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები შეადარეს.