ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე გაიზარდა
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე გაიზარდა

ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 70 წლამდე გაიზარდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

„ნოტარიუსი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, და ზოგადად, ეს ინსტიტუტი, ასრულებს განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს. ის არის სწორედ სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დამდასტურებელი ადამიანი. ნოტარიუსთა ზღვრული ასაკი განსაზღვრული იყო 65 წლით, თუმცა მინისტრს ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილება, რომ ეს ასაკი ნოტარიუსთა პალატის რეკომენდაციის საფუძველზე გაეზარდა. პრაქტიკულად, ჩვენ შევიზღუდეთ ეს დისკრეციული უფლებამოსილება და გავზარდეთ ნოტარიუსების ასაკი 70 წლამდე. ეს საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ ნოტარიუსებისთვის, არამედ, ზოგადად, ამ ქვეყანაში სამართლის ნორმის განჭვრეტადობის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაიზარდა სანოტარო მომსახურების გეოგრაფიული არეალიც. ნოტარიუსები დაინიშნენ რუხში, ხობში, ლენტეხში, ამბროლაურში, ონში, თიანეთში, დუშეთში, დედოფლისწყაროში, ახმეტასა და წყალტუბოში. ნოტარიუსთა რაოდენობა კი 310-ით განისაზღვრა.​

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.