მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ქვეწრმავლების სახეობათა 20 პროცენტზე მეტს გადაშენება ემუქრება — #1tvმეცნიერება
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ქვეწრმავლების სახეობათა 20 პროცენტზე მეტს გადაშენება ემუქრება — #1tvმეცნიერება

ქვეწარმავალთა ყოველი ხუთი სახეობიდან სულ მცირე ერთს გადაშენება ემუქრება, მათ შორის კუებისა და ნიანგების სახეობათა ნახევარზე მეტს. ამის შესახებ მსოფლიოს ცივსისხლიან ქმნილებათა პირველი დიდი გლობალური შეფასება იუწყება.

მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების კატასტროფული ვარდნა სულ უფრო მეტად განიხილება დედამიწაზე სიცოცხლისთვის საფრთხედ, რომელიც ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე ურთიერთდაკავშირებული საფრთხე.

სხვა ქმნილებათა წინაშე არსებული საფრთხეები უკვე კარგად არის დოკუმენტირებული. გადაშენების წინაშე დგას ამფიბიების 40 პროცენტი, ძუძუმწოვართა 25 პროცენტი და ფრინველთა 13 პროცენტი.

თუმცა, მკვლევრებს ამ დრომდე არ ჰქონდათ რისკის ქვეშ მყოფ რეპტილიათა პროპორციის ყოვლისმომცველი სურათი.

ახალ გლობალურ შეფასებაში, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა რეპტილიის 10,196 სახეობა შეაფასეს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა წიელი ნუსხის კრიტერიუმებით.

აღმოჩნდა, რომ 1829 სახეობა, ანუ 21 პროცენტი, ან მოწყვლადია, ან საფრთხის ქვეშ მყოფი, ან კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფი.

„წარმოუდგენლად ბევრი სახეობაა საფრთხის ქვეშ. ახლა, როდესაც უკვე ვიცით, თუ რა საფრთხეებია ქვეწარმავლის თითოეული სახეობის წინაშე, გლობალურ საზოგადოებას შემდეგი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ნილ კოქსი.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად რისკის წინაშე ნიანგები და კუები დგანან, შეფასებულთა 58 და 50 პროცენტი, შესაბამისად.

კოქსის განცხადებით, ნიანგებს ხორცისა და ადამიანთა დასახლებიდან მოშორების გამო ხოცავენ, კუები კი ცხოველებით ვაჭრობისა და ტრადიციული მედიცინის სამიზნეა.

კლიმატური საფრთხე

საფრთხის ქვეშ მყოფი კიდევ ერთი კარგად ცნობილი სახეობაა მრისხანე სამეფო კობრა, მსოფლიოს უდიდესი შხამიანი გველი. სიგრძეში ის ხუთ მეტრამდე იზრდება და ტყეში სხვა გველებზე ნადირობს; გავრცელებულია საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, ინდოეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე.

მას მოწყვლადის კლასიფიკაცია მიენიჭა, რაც კოქსის თქმით იმაზე მიუთითებს, რომ „ძალიან ახლოს არის გადაშენებასთან“.

„ის აზიის ნამდვილი საკულტო სახეობაა და ასეთი სამარცხვინოა, რომ ასე ფართოდ გავრცელებული სახეობაც კი განიცდის შემცირებას“, — ამბობს კოქსი და აღნიშნავს, რომ სამეფო კობრასთვის უდიდეს საფრთხეებს შორის არის ხე-ტყის ჩეხა და ადამიანთა მიერ თავდასხმა.

კვლევის კიდევ ერთი თანაავტორი, NatureServe-ის უფროსი ზოოლოგი ბრიუს იუნგი აღნიშნავს, რომ საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეწარმავლები დიდწილად კონცენტრირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, დასავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ მადაგასკარზე, ანდების მთების ჩრდილოეთ ნაწილში და კარიბის ზღვის აუზში.

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, მშრალ ჰაბიტატებში, მაგალითად, უდაბნოებში, საძოვრებსა და სავანებში ბინადარი ქვეწარმავლები მნიშვნელოვნად ნაკლებად არიან საფრთხის ქვეშ, ვიდრე ტყიანი ჰაბიტატების ბინადარნი.

სოფლის მეურნეობა, ტყის ჩეხა, ინვაზიური სახეობები და ურბანული განვითარება რეპტილიების საფრთხის მიზეზი აღმოჩნდა, ამავე დროს, ისინი ადამიანთა სამიზნეც არიან, იყენებენ ვაჭრობისთვის ან კლავენ საკვებისა თუ შიშის გამო.

გაირკვა ისიც, რომ ქვეწარმავლების სახეობათა 10 პროცენტისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს კლიმატის ცვლილება, მაგრამ როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ეს შეფასება შეიძლება არაზუსტი იყოს, რადგან მხედველობაში არ მიუღიათ გრძელვადიანი საფრთხეები, მაგალითად, ზღვის დონის მატება ან კლიმატით გამოწვეული არაპირდაპირი საფრთხეები, მაგალითად, დაავადებები.

მკვლევრები გააოცა იმის დადგენამ, რომ ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და ამფიბიების მიმართ გატარებულ საკონსერვაციო სამუშაოებს დადებითი გავლენა აქვს ქვეწარმავლებზეც. თუმცა, გაირკვა ისიც, რომ ზოგიერთ სახეობას სპეციფიკური, გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიება სჭირდება.

ფოკუსი

უინგის განცხადებით, რეპტილიების შეფასებაში ასობით მეცნიერი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან და დაფინანსების ნაკლებობის გამო, პროცესი 15 წელიწადს გაიწელა.

„ბევრი ადამიანისთვის ქვეწარმავლები ქარიზმატული არსებები არ არიან. ამიტომ, კონსერვაციის გაცილებით დიდი ფოკუსია უფრო ხერხემლიანთა ბეწვიან და ბუმბულიან სახეობებზე“, — ამბობს იუნგი.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ახალი შეფასება ხელს შეუწყობს საერთაშორისო ქმედებებს ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შესაჩერებლად.

ამჟამად, ბუნების დაცვისა და გლობალურ ბიომრავალფეროვნების ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებებში მსოფლიოს თითქმის 200 ქვეყანა მონაწილეობა და მათი მიზანია, რომ 2030 წლისთვის დედამიწის 30 პროცენტი იყოს დაცული.

შეფასება Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.