ლეგენდარულმა ბრიტანელმა მორბენალმა მო ფარამ ერთსაათიან რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ეს ბრიუსელში „ბრილიანტის ლიგის“ ეტაპზე მოხდა.
ფარამ ერთი საათის განმავლობაში 21 კილომეტრი და 330 მეტრი გაირბინა. მან გააუმჯობესა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლეგენდარული ეთიოპიელის ჰაილე გებრესელასიეს რეკორდი (21.285), რომელიც 2007 წელს, ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში იყო დამყარებული.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ფარა ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონია – ის 2012 და 2016 წლების ოლიმპიადებზე ორ-ორ ოქროს იგებდა 5000 და 10000 მეტრ დისტანციებზე რბენაში. გარდა ამისა, ბრიტანელი ექვსგზის მსოფლიოსა და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია.