მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა

პარიზის უმაღლესმა სასამართლომ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ლამინ დიაკის მიმართ.

87 წლის ფუნქციონერი დამნაშავედ სცნეს აქტიურ და პასიურ კორუპციაში, უფლებამოსილების გადამეტებასა და დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად ფულის გათეთრებაში. სასამართლომ დიაკს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, აქედან ორი წელი პირობითია. ასევე ყოფილი პრეზიდენტი გადაიხდის ჯარიმას 500 ათასი ევროს ოდენობით.

დიაკს აქვს აპელაციის შეტანის უფლება.

გარდა ამისა, სასამართლომ კორუპციასთან დაკავშირებული ამავე საქმისთვის სამწლიანი პატიმრობით დასაჯა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ვალენტინ ბალახნიჩევი.

ადრე დიაკმა სასამართლოში განაცხადა, რომ საკუთარი ორგანიზაციის “ფინანსური კეთილდღეობისთვის” რუსი მძლეოსნების დადებით დოპინგ-სინჯებს მალავდა. გამოძიების პროცესში სენეგალელმა ფუნქციონერმა აღიარა, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია აჭიანურებდა რუსი ათლეტებისთვის სანქციების გამოყენებას, რათა არ დაეზარალებინა რუსეთის იმიჯი მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის წინ, რომელიც რუსეთში გაიმართა, ასევე არ ჩაშლილიყო სპონსორობაზე მოლაპარაკებები რუსული კომპანიებთან.