მძიმე დიაგნოზი არ დადასტურდა, მაგრამ მექვაბიშვილი სექტემბერში ნაკრებს ვერ დაეხმარება #1TVSPORT
მძიმე დიაგნოზი არ დადასტურდა, მაგრამ მექვაბიშვილი სექტემბერში ნაკრებს ვერ დაეხმარება #1TVSPORT

სამედიცინო გამოკვლევების შედეგების მიხედვით, ანზორ მექვაბიშვილი დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს – ინფორმაციას რუმინული კლუბის, კრაიოვის „უნივერსიტეტეას“ პრეს-სამსახური ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ბუქარესტში „დინამოსთან“ შეხვედრისას დაშავდა. 24 აგვისტოს გამართულ რუმინეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩში ქართველი ნახევარმცველი 49-ე წუთზე მძიმე ტრავმის გამო შეცვალეს.

პროგნოზები დამაიმედებელი არ იყო, მაგრამ დიაგნოზი ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველი პროგნოზები. თავდაპირველად კი მძიმე დიაგნოზიც გავრცელდა, თითქოს მექვაბიშვილი სეზონის ბოლომდე დაისვენებდა და გუნდს ვეღარ დაეხმარებოდა.

თუმცა 26 აგვისტოს ჩატარებულმა გამოკვლევებმა კრაიოველები გაახარა – 23 წლის ქართველ ფეხბურთელს ჯვარედინი იოგები არ დაწყვეტია, არამედ დაეჭიმა და დაახლოებით 6 კვირა დაისვენებს. თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ სექტემბერში, და დიდი ალბათობით, ოქტომბერშიც საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.

რუმინული მედიის ცნობით, მექვაბიშვილი „უნივერსიტატეას“ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა. საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველის ტრანსფერში კრაიოვის კლუბმა „დინამო თბილისს“ 750 ათასი ევრო გადაუხადა.

მექვაბიშვილს ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში სისტემატურად იწვევს და „ჯვაროსნებში“ 17 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის, ევრო 2024-ზე, სადაც თურქეთსა და ჩეხეთთან მატჩები ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.