რუმინული გამოცემა - ანზორ მექვაბიშვილი კრაიოვას „უნივერსიტატეაში“ 750 ათას ევროდ გადადის #1TVSPORT
რუმინული გამოცემა - ანზორ მექვაბიშვილი კრაიოვას „უნივერსიტატეაში“ 750 ათას ევროდ გადადის #1TVSPORT

„დინამო თბილისისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი კრაიოვას „უნივერსიტატეაში“ ითამაშებს, – ინფორმაციას რუმინული გამოცემა iamsport.ro ავრცელებს.

„კრაიოვას „უნივერსიტატეას“ პრეზიდენტმა, მიხაი როტარუმ 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი დაიმატა, რომელიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია. ცნობილი გახდა, რომ კონტრაქტი 4,5-წლით გაფორმდება.

მექვაბიშვილის ტრანსფერში „უნივერსიტატეას“ მფლობელი 750 ათას ევროს იხდის, ხოლო მომავალი ტრანსფერიდან „დინამო თბილისი“ 20%-ს მიიღებს. ეს შეიძლება გახდეს ძალიან კარგი ინვესტიცია. ქართველი შესანიშნავად თამაშობს 6 და 8 ნომრის პოზიციებზე. ის 2023 წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც გამოირჩეოდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში, რომელშიც ბელგია, პორტუგალია და ნიდერლანდები თამაშობდნენ, პირველი ადგილი დაიკავა.

თუ ვითარება არ შეიცვალა, მექვაბიშვილი „უნივერსიტატეასთნ“ კონტრაქტს 18 იანვარს გააფორმებს“, – ირწმუნება რუმინული გამოცემა.

მექვაბიშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია, რომლის ფორმითაც 112 თამაში აქვს ჩატარებული. 22 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრებში 13 მატჩი ჩაატარა,  ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, არის საქართველოს სუპერთასის მფლობელი. Transfermarkt-ი მის ტრანსფერს ერთ მილიონ ევროდ აფასებს.