მბაპეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება (ვიდეო)

სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ კილიან მბაპეს გამოუტანა, ძალაში რჩება. წითელი ბარათი ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა სტუმრად „ნიმის“ წინააღმდეგ მიმდინარე მატჩის ბოლო წუთებზე მიიღო, როდესაც მეტოქე ფეხბურთელს, ტეჟი სავანიეს, წაეკინკლავა და ხელი კრა.

ამის მიზეზი სავანიეს მხრიდან მბაპეს მიმართ უხეში თამაში გახდა და საბოლოოდ მსაჯმა მოედნიდან ორივე ფეხბურთელი გააძევა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ კილიან მბაპეს სამმატჩიანი, ხოლო სავანიეს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. სავანიემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ ფედერაციამ მბაპეს სასჯელი ძალაში დატოვა, სავანიეს დისკვალიფიკაციას კი კიდევ ერთი მატჩი დაუმატა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული მატჩის დასრულების შემდეგ, კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენის“ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, თუმცა იქვე დაამატა, რომ ანალოგიურ სიტუაციაში ყოველთვის ასე მოიქცევა. სავარაუდოა, რომ ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზე, სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეცათ მბაპესთვის, ამ განცხადებამაც იქონია გავლენა.

მბაპემ და სავანიემ თითო მატჩი უკვე გამოტოვეს.

ზემოხსენებული შეხვედრა „ნიმსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის სტუმრების გამარჯვებით, 2-4 დასრულდა.