მაყურებელი სტადიონზე ბრუნდება - შეზღუდვები 20 ოქტომბრიდან მოიხსნება #1TVSPORT
მაყურებელი სტადიონზე ბრუნდება - შეზღუდვები 20 ოქტომბრიდან მოიხსნება #1TVSPORT

გულშემატკივრებმა სტადიონზე დასწრების უფლება არა მხოლოდ ბათუმის „დინამოსა“ და „დინამო თბილისის“ შეხვედრაზე მიიღეს, არამედ, საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა შეხვედრაზე, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან ღია ტიპის სტადიონებზე საერთო ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივრის რაოდენობა დაიშვება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ უმაღლესი ლიგის მატჩებსა და საერთაშორისო შეხვედრებს შეეხება. შესაბამისად, 20 ოქტომბერს დაგეგმილ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მატჩებზე გულშემატკივარს შეზღუდული რაოდენობით დასწრება შეეძლება“, – წერია ფეხბურთის ფედერაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ასევე 21 ოქტომბერს გასამართი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და ფინეთის ქალთა ნაკრებებს შორის, მაყურებლის თანდასწრებით გაიმართება. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

თუმცა, სტადიონზე შესასვლელად რეგულაციები დაწესდა – სფფ-ს ცნობით, მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ (სწრაფი) ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

მაყურებელს საშუალება ექნება დაესწრონ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის შეხვედრებს, რომელიც ოთხშაბათს, 20 ოქტომბერს გაიმართება.