მათე გაბიცინაშვილი ქეთი ხუციშვილს - გვიკვირს, რომ სოროსის ფონდის ლოგო დევს არაკომპეტენტური ადამიანების კვლევაზე, რომელიც დეზინფორმაციაა
მათე გაბიცინაშვილი ქეთი ხუციშვილს - გვიკვირს, რომ სოროსის ფონდის ლოგო დევს არაკომპეტენტური ადამიანების კვლევაზე, რომელიც დეზინფორმაციაა

გვიკვირს, რომ ამხელა კომპეტენციის მქონე ორგანიზაციის, სოროსის ფონდის ლოგო დევს აბსოლუტურად არაკომპეტენტური და საკითხში აბსოლუტურად ჩაუხედავი ადამიანების რაღაც ტიპის კვლევაზე, რომელიც დეზინფორმაციაა, – ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“, გადაცემის თანაწამყვანმა, პირველი არხის ანალიტიკოსმა, მათე გაბიცინაშვილმა განაცხადა.

გადაცემაშივე მათე გაბიცინაშვილმა სოროსის ფონდისა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის მიმართ, რომელიც გადაცემის სტუმარი იყო, საკუთარი პატივისცემა გამოხატა.

საუბარია „ღია საზოგადოების ფონდის“  (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“) მიერ დაფინანსებულ კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“.

პირველი არხის ანალიტიკოსმა მათე გაბიცინაშვილმა ქეთი ხუციშვილს ჰკითხა, რა იქნება მისი პასუხი, თუ მისი რეპუტაცია და ღირსება ისევე არაკომპეტენტურად შეილახება, როგორც კვლევაში მის შემთხვევაში მოხდა, რადგან ადამიანები, რომლებიც ანალიტიკოსის თქმით, საკითხის გაგებაში არ არიან, მის მოსაზრებას რუსულ პროპაგანდას ადარებენ და არხის რეპუტაციას ლახავენ.

გაბიცინაშვილმა განმარტა, რომ მის მიერ მომზადებული სიუჟეტი 9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ისტორიის შექმნის შესახებ ინფორმაციის შექმნას ემსახურებოდა. მისი განმარტებით, სიუჟეტის პათოსი იყო, რა კარგია ევროკავშირი და იდეები, რაზეც ევროკავშირი დაფუძნდა, მაგრამ დღეს გარკვეული კრიზისია და ამ ყველაფერს თავისი სტრუქტურული მიზეზები აქვს. როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, კვლევის ავტორმა ვერ გაიგო, რომ ის სიუჟეტში საბერძნეთის 2008 წლის კრიზისზე არ საუბრობს.  

აღნიშნულთან დაკავშირებით ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, რომ ამაში ტრაგიკული არაფერია.

ამასთან, მისივე შეფასებით, გადაცემა ნამდვილად არ იყო ანტიევროპული ან ანტიდასავლური.

„რა თქმა უნდა, თქვენ გადაცემაში რაოდენობრივად რომ დავთვალოთ, ის იყო უარყოფითად ნახსენები. ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე ევროპელები არ ლაპარაკობენ. თუ სტატისტიკურად მივუდგებით რაღაცას, მაშინ მართლა ყველა ინსტიტუტი უარყოფითად იყო მოხსენიებული. ამავე დროს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოაზროვნე ევროპელები დღეს ფიქრობენ, რომ ბევრი რამ იყო მიუღებელი“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ითქვა, რომ ეს არის სიუჟეტი, სადაც ბევრი დასავლური ინსტიტუტის კრიტიკაა.

„თქვენ ყველაფერი გადააკავშირეთ, ეს კი ასე არ არის. თქვენ შემთხვევაში თქვეს, რომ ეს ის სიუჟეტია, სადაც ძალიან ბევრი დასავლური ინსტიტუტის კრიტიკა არის და მოდით ვთქვათ, არის. თუმცა, ეს პრორუსულობას არ გულისხმობს“, – განაცხადა ხუციშვილმა.

კვლევის „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“ ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“). კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.