„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018“-ის გამარჯვებული ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა კაპეტივაძე გახდა
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018“-ის გამარჯვებული ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა კაპეტივაძე გახდა

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018“-ის გამარჯვებული ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე გახდა. მანანა კაპეტივაძე TEA-ს პროგრამის გამარჯვებულია, ამასთან, 2003 წელს სასკოლო მიღწევებისათვის მიღებული აქვს ღირსების ორდენი.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 10 000 ლარს გადასცემს, ხოლო დანარჩენ ოთხ ფინალისტს „ლიბერთი ბანკი“ დააჯილდოებს.

ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში წელს 104 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ხუთეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრები იყვნენ: ელისო აბრამიშვილი – ქალაქ საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი; ჯაბა ლაბაძე – დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; ლელა კოტორაშვილი – თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; დაჩი ნანობაშვილი – თბილისის საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მათემატიკის მასწავლებელი; მანანა კაპეტივაძე – ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი;

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017 წლის 13 მაისს დაწესდა კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა.