მასშტაბურმა კვლევამ ხორცის მოხმარებასა და კუჭის კიბოს შორის კავშირი გამოავლინა — #1tvმეცნიერება
უკვე ძალიან ბევრი მტკიცებულება დაგროვდა იმისა, რომ მეტი ხორცის ჭამა — განსაკუთრებით წითელი და დამუშავებული ხორცის — კიბოს რისკს ზრდის. თუმცა, კავშირს ყველა კვლევა არ აჩვენებს და მეცნიერები მეტ სიცხადეს ეძებენ, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება კიბოს კონკრეტულ ტიპებს.
International Journal of Cancer-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა უფრო დეტალურად შეისწავლა ხორცის კავშირი კუჭისა და საყლაპავის კიბოსთან, რომელსაც ადენოკარცინომას უწოდებენ — ეს სიმსივნეები, ჯირკვლოვან უჯრედებში იწყება.
ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საყლაპავი მილის ადენოკარცინომის (EAC) შემთხვევები; ზოგადად კი, საყლაპავი მილის კიბოები ახლა მსოფლიოში მე-11 ყველაზე გავრცელებული კიბოა. კიდევ უფრო მეტადაა გავრცელებული კუჭის კიბო, რომელიც სიაში მე-5 ადგილს იკავებს.
ჯგუფმა შეისწავლა ხანგრძლივად მიმდინარე ჯანმრთელობის კვლევის პროექტში ჩართული 450 112 ადამიანის მონაცემები — მათ შორის იყო მონაცემები კვებისა და კიბოს შემთხვევების შესახებ. მონაწილეებს საშუალოდ 14,1 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ; გამოვლინდა აშკარა კორელაციები, ასევე რამდენიმე მოულოდნელი შედეგი.
„ბევრი დამუშავებული ხორცის მიღება დაკავშირებული იყო კუჭის კიბოს რისკის ზრდასთან, განსაკუთრებით ნაწლავის ტიპის კუჭის კიბოსი და საყლაპავი მილის ადენოკარცინომასი. ეს კვლევა გვაძლევს ახალ მტკიცებულებას ხორცის მოხმარებასთან დაკავშირებული კუჭისა და საყლაპავის კიბოების პრევენციისთვის“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
მკვლევართა გამოთვლებით, დღეში დამატებითი 30 გრამი დამუშავებული ხორცი (ძეხვეული) დაკავშირებული იყო კუჭის კიბოს რისკის 9 პროცენტით ზრდასთან და საყლაპავი მილის ადენოკარცინომის 13 პროცენტით ზრდასთან.
თუმცა, კვლევაში ასევე შეისწავლეს დაუმუშავებელი წითელი ხორცი და დაუმუშავებელი თეთრი ხორცი ცალ-ცალკე, რამაც საინტერესო შედეგები დადო. პირველ რიგში, არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი კავშირი დაუმუშავებელ წითელ ხორცსა და კიბოს ამ კონკრეტულ ტიპებს შორის.
მეორე ის, რომ ყოველდღიურად 20 გრამით მეტი თეთრი ხორცის მიღება დაკავშირებული იყო კუჭის ქვედა და შუა ნაწილებში სიმსივნის რისკის 20 პროცენტით ზრდასთან ქალებში. კაცებში ასეთი კავშირი არ გამოკვეთილა.
მკვლევართა ვარაუდით, აქ შეიძლება რამდენიმე ფაქტორი იყოს ჩართული, მათ შორის მომზადების ქიმიურ ნივთიერებათა და სხეულის მიერ ცილების დაშლის ქვეპროდუქტების კანცეროგენული ეფექტები. თუმცა, ეს კვლევა ფოკუსირებული იყო კავშირების პოვნაზე და არა მათ ახსნაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თეთრი ხორცი უფრო ჯანსაღად მიიჩნევა, ვიდრე წითელი ან დამუშავებული ხორცი — ცილების მეტაბოლიზმის, მიკრობიოტის ცვლილებისა და მომზადების მეთოდების გამო კიბოს რისკის პოტენციალის ზრდა საჭიროებს შემდეგ კვლევებს“, — წერენ მკვლევრები.
დამუშავებული ხორციდან კიბოსკენ მიმავალი ჩვენთვის ცნობილი გზების გარდა, კიდევ ბევრი პოტენციური გზა არსებობს და შესაბამისად, ამ კვლევის შედეგები დიდად მოულოდნელი არ არის. მაგალითად, წითელი ხორცის ჭამის შედეგად წარმოქმნილ ქიმიურ ნივთიერებებს შეუძლია დნმ-ის დაზიანება და უჯრედების ოქსიდაციური სტრესის გაზრდა, რაც ზრდის კიბოს წარმოქმნის შანსებს.
„დამუშავებული ხორცის შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია დამუშავებისა და შენახვის მეთოდები, რასაც შეუძლია კუჭისა და საყლაპავი მილის კიბოების რისკის ზრდა. ამ კონტექსტში, დამუშავებული ხორცის მოხმარება ხელს უწყობს უფრო მეტი მარილის მიღებას, რაც ცნობილია, რომ აღიზიანებს კუჭის ლორწოვანი გარსს და იწვევს კუჭის მნიშვნელოვან დაზიანებას და ანთებას“, — წერენ მკვლევრები.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევის ხანგრძლივი დაკვირვების პერიოდი და მონაწილეთა დიდი რაოდენობა მისი მთავარი ძლიერი მხარეა, მხოლოდ ამ კვლევას არ შეუძლია მიზეზშედეგობრივი კავშირის დამტკიცება. ხორცის მოხმარების ჩვევები მხოლოდ ერთხელ, დასაწყისში შემოწმდა და შესაბამისად, შესაძლოა, მომდევნო წლებში შეიცვალა.
თუმცა, შეზღუდვების მიუხედავად, როგორც კი ამას წინა კვლევებიდან მიღებულ ყველა ინფორმაციას დავუმატებთ, დამუშავებული ხორცის წინააღმდეგ არგუმენტები მხოლოდ ძლიერდება. კვლევის ავტორებისთვის, ახლა აშკარაა, რომ საჭიროა ზომების მიღება რომ ზედმეტი ჰოთ-დოგი ან ბეკონის ნაჭერი შეიძლება თქვენს ჯანმრთელობად არ ღირდეს.
კვლევა International Journal of Cancer-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.