კლინიკურ ცდაში, ექსპერიმენტულმა პრეპარატმა აგრესიული კიბოს პაციენტებს სიცოცხლე მნიშვნელოვნად გაუხანგრძლივა — #1tvმეცნიერება
კუჭის კიბოს ზოგიერთი ურთულესი ტიპის ახალმა, ინოვაციურმა სამკურნალო საშუალებამ კლინიკური ცდების მეორე ფაზაში იმედისმომცემი შედეგები აჩვენა — მნიშვნელოვნად შეამცირა სიმსივნე და გაზარდა გადარჩენის მაჩვენებელი.
მკურნალობა წარმოადგენს ანტიგენის ქიმერული რეცეპტორის (CAR T cell) იმუნოთერაპიის ფორმას, რომელშიც იღებენ სხეულის საკუთარ იმუნურ უჯრედებს და ასწავლიან კიბოს უჯრედების მიზანში უკეთესად ამოღებას, შემდეგ კი კვლავ სისხლში შეჰყავთ.
ამ კონკრეტულ თერაპიას satricabtagene autoleucel-ს, იგივე satri-cel-ს უწოდებენ და ის მიზანში იღებს ცილა CLDN18.2-ს, რომლებსაც ზოგიერთი კიბო ზრდისთვის იყენებს. პაციენტებმა, რომლებსაც ცდაში satri-cel-ი მისცეს, საშუალოდ 40 პროცენტით უფრო დიდხანს იცოცხლეს.
ჩინეთში ჩატარებული ამ ცდის სხვა პოზიტიურ ნიშნებს შორის იყო ისიც, რომ satri-cel-ის პაციენტებში კიბო ზომაში უფრო მცირდებოდა და გაუარესებას უფრო მეტი დრო ესაჭიროებოდა, ვიდრე ეს კიბოს სტანდარტული პრეპარატებით ნამკურნალევ პაციენტებში იყო.
კვლევაში მონაწილეობდა კუჭის ან კუჭისა და ნაწლავის შეერთების ადგილის კიბოს (გასტროეზოფაგური) მქონე 156 პაციენტი, რომლებსაც რეაქცია არ ჰქონდა უკვე არსებულ სულ მცირე ორ სამკურნალო საშუალებაზე — ადამიანები, რომლებსაც ცდის დაწყებამდე არჩევანი ფაქტობრივად აღარ ჰქონდათ.
„კუჭის ან გასტროეზოფაგური კიბოს მოწინავე სტადიების მქონე, ძლიერ ნამკურნალევ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის ვარიანტთა უკიდურესად შეზღუდული არჩევანი და ცუდი პროგნოზი ჰქონდათ, satri-cel თერაპიამ რევოლუციური ეფექტიანობა აჩვენა მნიშვნელოვანი კლინიკური ბენეფიტებით, მათ შორის, მნიშვნელოვნად შემცირდა კიბოს პროგრესი და გაუმჯობესდა გადარჩენის ზოგადი მაჩვენებელი, ასევე კიბოს რეაგირების მაჩვენებელი“, — ამბობს პეკინის კიბოს ჰოსპიტლის ონკოლოგი ლინ შენი.
satri-cel ჯგუფში, პაციენტებმა საშუალოდ 7.92 თვეს იცოცხლეს, საკონტროლო ჯგუფში შემავალებმა კი 5.49 თვეს. satri-cel-ის პაციენტთა 22 პროცენტში სიმსივნე ზომაში მნიშვნელოვნად შემცირდა, საკონტროლო ჯგუფის პაციენტებში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ ოთხი პროცენტი იყო.
კიბოს გაუარესებამდე საშუალო დრო satri-cel პაციენტებში 3,25 თვე იყო, საკონტროლო ჯგუფში კი 1,77 თვე. შედეგები შთამბეჭდავია მრავალი სხვადასხვა საზომით და აჩვენებს, რომ მკურნალობის ეს საშუალება მუშაობს.
„ეს საშუალება ახალ იმედს აჩენს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სამედიცინო თვალსაზრისით განუკურნებელი დაავადება აქვთ“, — ამბობს შენი.
თუმცა, არის ცუდი ამბავიც. satri-cel თერაპიას თითქმის ყოველთვის თან ახლავს მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, მათ შორის, სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება. მიუხედავად ამისა, გვერდითი ეფექტები მართვადია.
ანტიგენის ქიმერული რეცეპტორის თერაპიამ უკვე აჩვენა ეფექტიანობა სისხლის კიბოების მკურნალობაში; ამაღელვებელია შედეგები თავის ტვინის კიბოსა და პანკრეასის კიბოს მკურნალობაშიც. როგორც ჩანს, ამ სიას მალე კუჭის კიბოც დაემატება.
ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ზოგადად, კიბოსთან ბრძოლა უმჯობესდება. გასული ორი წლის განმავლობაში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს კიბოს უჯრედების განადგურების ახალი გზები და ისიც კი შეძლეს, რომ სიმსივნური უჯრედები კვლავ ჯანმრთელ უჯრედებად გადაექციათ.
თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ წარმოადგენს არა პრეპარატებს, არამედ კიბოს მართვის საშუალებებს. მეცნიერები ცდილობენ, სხეულის საკუთარ იმუნურ უჯრედებს მავნე უჯრედების ზრდასთან ბრძოლა ასწავლონ.
კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია prnewswire.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.