აღმოაჩინეს აქამდე უცნობი იმუნური რეაქცია, რომელიც შეიძლება კიბოს უჯრედების ფარული ხრიკის დამარცხებაში დაგვეხმაროს — #1tvმეცნიერება
სხეულის იმუნური სისტემის წევრ მცველთა არმიაში თითოეულს საკუთარი სამიზნე ჰყავს, რომელსაც მეთვალყურეობს.
როგორც კი შემოჭრილი ის უცხო სხეულის ან ინფიცირებული უჯრედის მარკერს შენიშნავს, იწყებს თავდასხმას ან დასახმარებლად სხვა უჯრედებს უხმობს — ხდება იმუნური პასუხის მობილიზება.
თუმცა, ცოტა ხნის წინ მკვლევრებმა რაღაც მოულოდნელი აღმოაჩინეს იმუნური სისტემის მიერ კიბოსთან ბრძოლის შესახებ, რაც თავდაყირა აყენებს ჩვენს დიდი ხნის შეხედულებას იმის შესახებ, თუ რომელ სამიზნეებს ესხმიან თავს სხვადასხვა იმუნური უჯრედები.
აღმოჩენის არსი მდგომარეობს მზაკვრულ ხრიკში, რომელსაც კიბოს უჯრედები ზოგჯერ იყენებენ ჩვენი ბუნებრივი თავდაცვის სისტემისთვის გვერდის ასავლელად — ისინი არსებითად მალავენ თავიანთ საიდენტიფიკაციო სამკერდე ნიშნებს, რომლებსაც ჰისტოშეთავსებულობის ძირითადი კომპლექსი (MHC) ეწოდება.
ასეთი მოტყუება კიბოს უჯრედებს ეხმარება, რომ ისინი ვერ დააფიქსიროს ციტოტოქსიკურმა T-ლიმფოციტებმა (CD8+ T cells) — იმუნური სისტემის გამანადგურებელი ტიპის უჯრედებმა, რომლებსაც „მკვლელ“ T-ლიმფოციტებსაც უწოდებენ.
თუმცა, ამ ახალი აღმოჩენით, მეცნიერები მიხვდნენ, რომ კიბოს უჯრედები უფრო მოწყვლადი ხდება იმ სხვა იმუნური უჯრედების მიმართ, რომლებიც აქამდე მეორად დამხმარე რაზმად ითვლებოდა — ესენია CD4+ T-ლიმფოციტები , ანუ „დამხმარე“ T-ლიმფოციტები.
მიჩიგანის უნივერსიტეტისა და ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მკვლევართა მიერ გაკეთებული ეს აღმოჩენა ეჭვქვეშ აყენებს იმუნოლოგიაში ათელწულების განმავლობაში მიმდინარე კვლევებს და შეიძლება კიბოს მიღმაც ჰქონდეს გავლენა.
„ჩვენს ნაშრომს, თუ შემდომში დადასტურდება, გავლენა ექნება T-ლიმფოციტებით განპირობებულ იმუნურ რეაგირებაზე კიბოსა და ტრანსპლანტოლოგიის მიღმაც“, — ამბობს აშშ-ის ბეილორის სამედიცინო კოლეჯის იმუნოლოგი პავან რედი.
არსებობს ჰისტოშეთავსებულობის ძირითადი კომპლექსის (MHC) ორი ძირითადი კლასი. I კლასის ნიშნების შესახებ ყველა ბირთვიანი უჯრედი (გარდა სისხლის წითელი უჯრედებისა) იუწყება, რათა იმუნურ სისტემას აცნობოს, ვინ არიან ისინი და რას საქმიანობენ.
II კლასი ოდნავ განსხვავებულია — ისინი კონკრეტულად იმუნური სისტემის მზვერავების, მაკროფაგების მიერ არის გამოხატული, როგორც გაფრთხილებები T-ლიმფოციტებისთვის სხეულში პოტენციურად საზიანო მასალის არსებობის შესახებ.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ საეჭვო MHC I მარკერების მქონე უჯრედებზე ნადირობდნენ CD8+ T-ლიმფოციტები, MHC II-ით მონიშნულ უჯრედებს კი CD4+ T-ლიმფოციტები ანადგურებდნენ.
თაგვებზე ასევე შეისწავლეს ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ დაავადება (GVHD) — მდგომარეობა, როცა დონორისგან გადანერგილი ღეროვანი უჯრედები შეცდომით ესხმიან თავს სხეულის ჯანმრთელ ქსოვილებს. როცა ამ თაგვებში MHC I სანიშნეები არ იყო, CD4+ T-ლიმფოციტებს მაინც შეეძლოთ სამიზნე ნაწლავის უჯრედების განადგურება, რაც ხსნის, თუ როგორ შეიძლება დონორის იმუნურმა უჯრედებმა დააზიანონ ნაწლავები.
მკვლევრებმა გამოავლინეს, როგორ ასრულებენ CD4+ T-ლიმფოციტებ თავიანთ სამუშაოს ამ სცენარებში — იყენებენ პროცესს, სახელად ფეროპტოზი, რომელშიც უჯრედები იღუპებიან რკინა-დამოკიდებული დაპროგრამებული უჯრედული სიკვდილის ფორმით.
„ამჯერად ჩვენ დავადგინეთ, რომ ფეროპტოზი არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტრანსპლანტანტი მასპინძლის წინააღმდეგ დაავადების სიმძიმის ხელშემწყობი ფაქტორი. მომავალ კვლევებში უნდა დადგინდეს, ხელს უწყობს თუ არა ფეროპტოზი სხვა სამიზნე ორგანოების დაზიანებას“, — წერენ მკვლევრები.
ვინაიდან ეს აღმოჩენა სრულიად ახალია, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რათა დადასტურდეს, რომ ის ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ამას მკვლევრები გვთავაზობენ, მაგრამ, მომავალში, ეს ცოდნა შესაძლოა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ კიბოს მკურნალობის მეთოდების შემუშავებაში.

იმუნოთერაპიები — მკურნალობა, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზმის ბუნებრივი იმუნური სისტემის ეფექტიანობის გაზრდას — სულ უფრო მეტად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კიბოში.
ამ ახალმა აღმოჩენამ იმუნოთერაპიები შეიძლება უფრო გააძლიეროს, როდესაც უკვე ვიცით, რომ არსებობს კიდევ ერთი გზა, რათა ხელი შევუშალოთ კიბოს უჯრედების მიერ გამოყენებულ თვითგადარჩენის მეთოდს.
„ამან შეიძლება საშუალება მოგვცეს, რომ შევქმნათ ახალი სტრატეგიები, რომლებიც მიზანში იღებს MHC I კლასს და CD4+ T-ლიმფოციტებს, რათა გამოვიყენოთ იმუნიტეტის სასარგებლო მხარე ან შევასუსტოთ არასასურველი იმუნური პასუხები“, — ამბობს რედი.
ვინაიდან ძირითადი კვლევა თაგვებზე ჩატარდა, მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ კლინიკურ კვლევებში ამ დასკვნებს კიდევ უფრო გააღრმავებენ CD4+ T-ლიმფოციტების მამოძრავებელი ბიოლოგიური მექანიზმების უფრო დეტალური ანალიზით.
ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმის უფრო ღრმად შესწავლა, თუ როგორ გამოიყენება T-ლიმფოციტების ძალისხმევა სხვადასხვა ტიპის კიბოებზე.
ასევე ცნობილია, რომ CD4+ T-ლიმფოციტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ავტოიმუნურ დაავადებებშიც, მათ შორის პირველი ტიპის დიაბეტში, სადაც იმუნური უჯრედები შეცდომით ანადგურებენ პანკრეასში ინსულინის მწარმოებელ უჯრედებს; ასევე დაავადება ცელიაკიაში.
„ჩვენი კვლევა ახალ ცნობებს გვაწვდის CD4+ T უჯრედებით განპირობებულ იმუნიტეტში MHC I-ის როლის შესახებ, ავლენს მექანიზმს, რომელიც განსხვავდება მისი კანონიკური როლისგან CD8+ T-ლიმფოციტებისთვის ანტიგენის წარდგენაში“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Nature Immunology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია bcm.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.