მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა YouTube-ზე - წაშლილია Despacito და სხვა ჰიტები 
მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა YouTube-ზე - წაშლილია Despacito და სხვა ჰიტები 

YouTube-ზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა მოხდა.

ჰაკერებმა მრავალი მუსიკალური ვიდეოკლიპი წაშალეს. მათ შორის, წაშლილია ყველა დროის ყველაზე ნახვადი ვიდეო — ლუის ფონსისა და დედი იანკის Despacito, რომელსაც 5 მილიარდზე მეტი ნახვა ჰქონდა.

ვიდეოს ნაცვლად საიტზე შეიარაღებული ნიღბებიანი ჯგუფის ფოტოა განთავსებული. შეცვლილია აღწერაც, რომელშიც ჰაკერები საკუთარ თავს Prosox-ს და Kuroi’sh-ს უწოდებენ. იქვე განთავსებულია წარწერა – „თავისუფლება პალესტინას“.

ასევე წაშლილია შაკირას, სელენა გომესის, დრეიკის, კრის ბრაუნის, კეტი პერის და ტეილორ სვიფტის კლიპები. ეს კლიპები Vevo-ს მიერ იყო გამოქვეყნებული.

ზოგიერთი ვიდეო წაშლილი არ არის, მაგრამ შეცვლილია სათაურები და ქავერის ფოტოები.

Twitter-ის ანგარიშზე, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ ჰაკერს ეკუთვნის, წერია:

„ეს მხოლოდ გართობაა. გამოვიყენე მხოლოდ სკრიპტი. ნუ განმსჯით, მე მიყვარს YouTube“.