მარტვილის „მერანი“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა - გუნდის ლიდერი ექიმებს მადლობას უხდის
მარტვილის „მერანი“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა - გუნდის ლიდერი ექიმებს მადლობას უხდის

კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ლამის მთელს მსოფლიოში საფეხბურთო ცხოვრება შეჩერებულია. მარტვილის „მერანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გეგიამ ილაპარაკა, როგორ ინარჩუნებს ფორმას ამ რთულ პერიოდში.

„რთული დროა და განსაკუთრებით ფეხბურთელისთვის, მაგრამ ვცდილობ ფორმა სახლის პირობებში ინდივიდუალური ვარჯიშებით შევინარჩუნო. დროის გარკვეულ ნაწილს კი ველოსიპედზე ვიტვირთები. თუ ყველა გაითვალისწინებს იმ წესს, რასაც თვითიზოლაცია და სოციალური დისტანცია ითვალისწინებს, ვფიქრობ არა მხოლოდ ფეხბურთი, ცხოვრება დაუბრუნდება მალე ჩვეულ რიტმს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემი გუნდის სახელით, ჩვენს გმირ ექიმებს მადლობა მინდა გადავუხადო“ – ამბობს გეგია.

მარტვილის „მერანის“ მოთამაშემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გუნდის წევრებმა თანხა შეაგროვეს და სააღდგომოდ სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ: „როცა სიკეთეს ვაკეთებთ და ამას ვასაჯაროვებთ, ამით ერთმანეთს მაგალითს ვაძლევთ, რაც ცუდი არაა. უბრალოდ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ამის გახმაურება არ გვსურდა, მაგრამ ამბავი მაინც გავრცელდა.. ეს ერთჯერადი დახმარება არ იქნება, „მერანი“ მომავალშიც შეეცდება გვერდში დაუდგეს ოჯახებს, რომელთაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ.“