მარტვილის „მერანი“ საღრიშვილმაც დატოვა
მარტვილის „მერანი“ საღრიშვილმაც დატოვა

მარტვილის „მერანი“ კიდევ ერთ მოთამაშეს შეელია. გუნდი ამჯერად თავდამსხმელმა, გაბრიელ საღრიშვილმა დატოვა. ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„კონტრაქტი ამოეწურა და სხვა გუნდში გააგრძელებს საფეხბურთო კარიერას გაბრიელ საღრიშვილი. მადლობას ვუხდით გაბროს ჩვენი გუნდისთვის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია „მერანის” ვებგვერდზე.

საღრიშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილია. იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი და 2017 წელს საქართველოში გამართული ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. განვლილ სეზონში მარტვილის კლუბის ფორმით მან 11 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ გუნდიდან წავიდა ლევან წოწონავა, რომელიც კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს, ხოლო ამირან როხვაძე – ქობულეთის „შუქურაში“.