მარტვილის „მერანი“ პლეიოფშია - გუნდმა ინვესტორისგან თანხის პირველი ნაწილი მიიღო #1TVSPORT
მარტვილის „მერანი“ პლეიოფშია - გუნდმა ინვესტორისგან თანხის პირველი ნაწილი მიიღო #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, მარტვილის „მერანმა“ პლეიოფის საგზური ოფიციალურად გაიფორმა – ცოტნე მონიავას გუნდმა 58 ქულა მოაგროვა და მესამე პოზიცია დაიკავა, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ „მერანმა“ ეროვნულ ლიგაში აღზევებისთვის იბრძოლოს.

მარტვიელელებს წინ ელით პლეიოფის ორმატჩიანი ბარიერი, სადაც „მერანის“ მეტოქე გუნდის ვინაობა მალე გაირკვევა. მარტვილელები პლეიოფში ეროვნულ ლიგაში მე-8 ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

ამასობაში, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. მარტვილს რამდენიმე დღით „მერანით“ დაინტერესებული ინვესტორები ეწვივნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გაიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულ მერთან, თორნიკე ჯანაშიასთან, გუნდის მფლობელ ფრიდონ ინჯიასთან და კლუბის ვიცეპრეზიდენტ ბაჩი ინჯიასთან. იმავე დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ ვიცეპრეზიდენტ კახა ჭუმბურიძესთან და რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელ გოჩა თამაზაშვილთან.

„2021 წლიდან მარტვილის „მერანის“ მენეჯმენტი შეიცვალა. დაუყოვნებლივ სტრუქტურული განვითარების ერთ მოდელში გავაერთიანეთ მარტვილის საფეხბურთო აკადემია და მარტვილის „მერანი“, რის საფუძველზეც შევიმუშავეთ ისეთი საინვესტიციო მოდელი, რომლითაც პარტნიორების დაინტერესება დავგეგმეთ. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ შევძელით საერთაშორისო პარტნიორებზე გასვლა და რამდენიმეთვიანი ინტენსიური მუშაობით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განხილულია და მხარეებს შორის პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებულია“, – ამბობს გუნდის დირექტორი ჯესი სურმავა.

მან ჩამოყალიბებულ ერთობლივ სააქციო საზოგადოება GIMA-International-ზე ისაუბრა: 

„მის მმართველ ბორდში წარმოდგენილი არიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტები, გერმანიიდან და თურქეთიდან. პარტნიორები ერთი კვირით ჩამოვიდნენ. გარკვეული დრო დაეთმო ვითარების დეტალურ შეფასებას, სამომავლო განვითარების მოდელის ძირითადი მიმართულებების დაგეგმვას და ასევე, სამომავლოდ საჭირო ფინანსების განხილვას. პარტნიორების მხრიდან ძალიან მაღალ დონეზე იქნა შეფასებული მარტვილის საფეხბურთო აკადემიის პროექტი და ყოველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ, დიდი დრო დაეთმო აკადემიის სავარჯიშო პროცესების მონიტორინგს და პერსპექტიულ ფეხბურთელებთან უშუალო ურთიერთობას. ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში ჩართულ ყველა მხარესთან მიღწეული შეთანხმებების შემდეგ, ჩვენს ქომაგებს ყველაფერს დეტალურად გავაცნობთ“.

გიგა სურმავა, „მერანის“ აღმასრულებელი დირექტორი: 

„2021 წელს ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო, წლის ფინანსური დეფიციტი შეგვევსო. მარტვილის „მერანსა“ და სს GIMA-International-ს შორის 2021 წლის სასპონსორო ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და თანხის პირველი ნაწილიც დაუყოვნებლივ მივიღეთ“.