მარსზე ხშირად მძვინვარებს ქვიშის შტორმები, რომლებიც მთელ პლანეტას ფარავს — გამომწვევი მიზეზი უკვე ცნობილია #1tvმეცნიერება
მარსზე ხშირად მძვინვარებს ქვიშის შტორმები, რომლებიც მთელ პლანეტას ფარავს — გამომწვევი მიზეზი უკვე ცნობილია #1tvმეცნიერება

მარსი ცნობილია სეზონური ქვიშის შტორმებით, რომლებიც ზოგჯერ მთელ პლანეტას მოიცავს.

2018 წლის ივნისში, ქვიშის შტორმი იმდენად ძლიერი იყო, რომ დაჩრდილა პლანეტის ზედაპირის უმეტესი ნაწილი, რის გამოც, NASA-მ კავშირი დაკარგა თავის მავალ Opportunity-სთან, რაც ამ ლეგენდარული ხომალდისთვის ფატალურად დასრულდა.

ამ შტორმებისა და მათი გამომწვევი მიზეზის შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა დავაზღვიოთ მზის ენერგიაზე მომუშავე რობოტული მისიების ოპერირება და სამომავლო ეკიპაჟიანი მისიების უსაფრთხოება.

კერძოდ, მეცნიერები ეძებენ სეზონურ ცვლილებებს, რომლებიც ქვიშის შტორმებს, მათ გაერთიანებას და ზრდას იწვევს.

ჰიუსტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, მათი წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს სეზონური ენერგიის დისბალანსი პლანეტის მიერ შთანთქმულ და გამოყოფილ მზის ენერგიაში.

ასეთმა დასკვნამ შეიძლება მიგვიყვანოს წითელი პლანეტის კლიმატისა და ატმოსფეროს ახლებურად გააზრებამდე.

ტერმინი „გამომსხივებელი ენერგიის ბიუჯეტი“ (radiant energy budget) აღნიშნავს მზის ენერგიის იმ ოდენობას, რომელსაც პლანეტა მზისგან შთანთქავს და შემდეგ სითბოს სახით ასხივებს. ეს გახლავთ პლანეტის კლიმატისა და მეტეოროლოგიური ციკლების ფუნდამენტური საზომი.

კვლევის ფარგლებში, ჯგუფმა შეაჯერა სხვადასხვა მისიის დაკვირვებათა მონაცემები, მათ შორის Mars Global Surveyor-ის, მავალ Curiosity-ის და სტატიკურ ხომალდ InSight-ის.

შედეგად მიიღეს მარსის კლიმატის მოდელი და შეაფასეს ენერგიის ის რაოდენობა, რომელსაც ის გლობალურად გამოყოფს სეზონის მიხედვით, მათ შორის ქვიშის შტორმების პერიოდში.

„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ის არის, რომ ჭარბი ენერგია — უფრო მეტი ენერგიის შთანთქმა, ვიდრე წარმოიქმნება — შეიძლება მარსზე ქვიშის შტორმების წარმოქმნის ერთი მექანიზმი იყოს“, — ამბობს ჰიუსტონის უნივერსიტეტის მკვლევარი ელენ გრისი.

2001 წლის ივნისში ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ მარსისთვის გადაღებულ ფოტოზე (მარცხნივ), შტორმის ჩანასახები გამოჩნდა ჰელასის გიგანტურ კრატერში და ჩრდილოეთ პოლარულ ქუდში.

შედეგებმა ცხადყო ძლიერი სეზონური და დღიური ცვალებადობა მარსის მიერ გამოსხივებულ მზის ენერგიაში.

კერძოდ, მკვლევრებმა მიაგნეს ენერგიის ძლიერი დისბალანსის მტკიცებულებას, ~15.3 პროცენტს მარსის სეზონებს შორის, რაც დედამიწის შემთხვევაში 0,4 პროცენტია. მათ ასევე გაარკვიეს, რომ 2001 წლის პლანეტის მასშტაბის შტორმის დროს, გლობალურად გამოყოფილი ენერგიის ოდენობა დღის განმავლობაში 22 პროცენტით მცირდებოდა, ღამით კი 29 პროცენტით იზრდებოდა.

„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აჩვენებს ენერგიის ძლიერ დისბალანსს, რაც მიუთითებს, რომ ამჟამინდელი ციფრული მოდელები უნდა გადაიხედოს, რადგან ისინი ვარაუდობს, რომ მარსის გამოსხივებული ენერგია პლანეტის სეზონებს შორის დაბალანსებულია. გარდა ამისა, შედეგები წარმოაჩენს კავშირს ქვიშის შტორმებსა და ენერგიის დისბალანსს შორის; შესაბამისად, შეიძლება ახალი ცნობები მოგვცეს მარსის ქვიშის შტორმების წარმოქმნის შესახებ“, — წერენ მკვლევრები.

მარსის კლიმატის ციფრულ მოდელებთან კომბინაციაში, მკვლევართა ჯგუფის მიერ მიღებულმა შედეგებმა შეიძლება გააუმჯობესოს ჩვენი წარმოდგენა მარსის კლიმატისა და ატმოსფერული ცირკულაციის შესახებ. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამომავლო ეკიპაჟიანი მისიებისთვის, რომლებსაც NASA და ჩინეთი შემდეგ დეკადაში გეგმავენ.

ამას გარდა, ამ შედეგებმა შეიძლება გააუმჯობესოს ჩვენი წარმოდგენა დედამიწის კლიმატის შესახებ იმის პროგნოზირებით, თუ როგორ შეიძლება მოიქცეს ჩვენი გარემო ერთ მშვენიერ დღეს. როგორც ყოველთვის, პლანეტური გარემოს უკეთ შესწავლა აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი პლანეტის უფრო კარგად შესწავლამდე.

კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.

დატოვე კომენტარი