მაროკოს ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან მატჩზე - მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო მაღალი დონე იქნება #1TVSPORT
მაროკოს ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან მატჩზე - მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო მაღალი დონე იქნება #1TVSPORT

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებთან მოგებული (3:0) მატჩი შეაფასა. ვალიდ რეგრაგი კმაყოფილი დარჩა შედეგით და იმითაც, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე მისი გუნდიდან ტრავმა არავის მიუღია.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ქალაქ შარჯაში გამართულ შეხვედრაში, მისმა გაწვრთნილმა გუნდმა საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში დაამარცხა და ყატარში, მუნდიალზე ჩასატარებელ პირველ შეხვედრას (23 ნოემბერს ხორვატიასთან) კარგი განწყობით ხვდება.

„ასეთ მატჩებში ყოველთვის ტრავმების გვეშინია, მაგრამ მთავარი გამარჯვება იყო. მატჩის ბოლოსკენ, სიცხის გამო, მოთამაშეებს დაღლა დაეტყოთ. ეს იყო ამხანაგური მატჩი და გვესმოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო მაღალი დონე იქნება.

მეორე ტაიმში თამაშში ანას ზარური შევიყვანე, რომელიც თამაშის დილას შემოგვიერთდა. მინდოდა, მის მიმართ ნდობა გამომეჩინა, რადგან შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაგვჭირდეს. მას საკუთარი შესაძლებლობები უნდა დაემტკიცებინა და გამოეჩინა საუკეთესო თვისებები. ის ახალგაზრდა მოთამაშეა და ვფიქრობ, არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე, არამედ მომავალშიც გამოგვადგება.

გუნდში კარგი ატმოსფეროა. თამაში სასურველი სცენარით დავიწყეთ, კარგი თამაში ვაჩვენეთ და გამარჯვებით გახარებული ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, ამისთვის კი წინ ექვსი დღეა.

ყატარში მივდივართ ჩვენი გულშემატკივრების გასახარებლად, ვიცით, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მათთვის მნიშვნელოვანია და სურთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. მსოფლიო ვიცე-ჩემპიონ ხორვატიასთან და ბელგიასთან თამაში იოლი არ იქნება, მაგრამ ვიცით ჩვენი ღირსება და საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ, გვინდა ჩვენი ქომაგი გავახაროთ“ – განაცხადა მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.