მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, 2030 წლის მუნდიალის ფინალი კასაბლანკაში ჩატარდება #1TVSPORT
მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფოუზი ლეკჯაამ განაცხადა, რომ 2030 წლის მუნდიალის ფინალი კასაბლანკაში გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური სააგენტო EFE ავრცელებს.
ფიფა-ს ტურნირის მთავარი მატჩის ჩატარების ადგილი ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა გადამწყვეტი შეხვედრის მასპინძლობისთვის მაროკოსა და ესპანეთს შორის სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული.
ქალაქ ბუზნიკაში გამართულ შეხვედრაზე ლეკჯაამ აღნიშნა, რომ ფინალის მიღების პატივი ბენსლიმანის პროვინციას ერგება. ეს ტერიტორია კასაბლანკიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, სადაც ამჟამად ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების, ჰასან მეორის სახელობის ულტრათანამედროვე არენა შენდება. სტადიონი 115 000 გულშემატკივარს დაიტევს და დასრულების შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდი საფეხბურთო მოედანი გახდება.
2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული იქნება, რადგან ტურნირი 3 კონტინენტისა და 6 ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდება. პირველი სამი თამაში სამხრეთ ამერიკაში – ურუგვაიში, არგენტინასა და პარაგვაიში გაიმართება, რის შემდეგაც მუნდიალი ევროპასა და აფრიკაში (ესპანეთი, პორტუგალია, მაროკო) გაგრძელდება.
ამ დროისთვის ფიფა-ს ტურნირის მასპინძელი ქალაქების საბოლოო სიაც არ გამოუქვეყნებია. ფიფა-მ აგვისტოს დასაწყისში უარყო ინფორმცია, თითქოს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მაროკოს ტურნირის ფინალის მასპინძლობას დაჰპირდა.