მარნეულში გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა
მარნეულში გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა

მარნეულში დღეიდან მკაცრი კარანტინი დასრულდა. მუნიციპალიტეტში გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნა. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, უპრობლემოდ გადაადგილდნენ.

მუნიციპალიტეტის შესასვლელში სპეციალურად მოწყობილი გამშვები პუნქტის დემონტაჟი გუშინ, ღამით განხორციელდა. დემონტაჟის სამუშაოებს ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წარმომადგენლები.

მარნეულში მკაცრი კარანტინი 23 მარტს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გამოცხადდა.

ამასთან, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი, რომლის დროსაც, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება იკრძალება.

ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე არის გამოცხადებული.