მარკუს რეშფორდმა ბრიტანეთის მთავრობას მიღებული გადაწყვეტილება შეაცვლევინა
ბრიტანეთის მთავრობამ გადახედა თავის გადაწყვეტილებას და გააგრძელებს ზაფხულის არდადეგების დროს კორონავირუსის პანდემიისას დაზარალებული და გაჭირვებული ბავშვების უფასო საკვებით მომარაგების პროგრამას.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა საქველმოქმედო ორგანიზაცია Fareshare-ის დახმარებით შეაგროვა თანხა ბრიტანეთში 3 მილიონი ბავშვის გამოსაკვებად – თითოეულს ყოველ კვირა გადაეცემოდა 15 ფუნტის ოდენობის ვაუჩერი საკვების შესაძენად. როცა მარკუსმა შეიტყო, რომ ბრიტანეთის მთავრობა აღარ აგრძელებდა ამ პროგრამას ზაფხულის არდადეგების პერიოდში, მან ღია წერილი გაუგზავნა ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატას თხოვნით – არდადეგების ბოლომდე დახმარებოდნენ საკვებით ბავშვებს გაჭირვებული ოჯახებიდან. თავდაპირველად, მთავრობა უარს ამბობდა პროგრამის გაგრძელებაზე, მაგრამ რეშფორდმა ბოლომდე იბრძოლა და საჭირო ადამიანების დახმარება მიიღო. საზოგადოების მხრიდან ზეწოლის შემდეგ, მთავრობამ, ბოლოს და ბოლოს, გადახედა თავის გადაწყვეტილებას.
საბოლოოდ, უფასო კვებაზე ერთკვირიანი ვაუჩერები ბავშვებს ზაფხულის ბოლომდე მიეცემათ. ამ დახმარებას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც სწავლის პერიოდში საწავლო დაწესებულებებში უფასო სადილს იღებდნენ. გაზეთ „სანის“ ინფორმაციით, ეს სქემა საკვებით უზრუნველყოფს 1.3 მილიონ ბავშვს. პროგრამის რეალიზაციისთვის დამატებით 120 მილიონი ფუნტი გამოიყოფა.
„არ ვიცი რა ვთქვა. უბრალოდ შეხედეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, როცა ერთად ვართ. ეს ინგლისია 2020 წელს“, – სიხარულით დაწერა „ინსტაგრამში“ რეშფორდმა.