მარკო ვან ბასტენი ნაცისტური მისალმებისთვის სკანდალში გაეხვა (ვიდეო)
ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი ნაცისტური სკანდალის ფიგურანტი გახდა. ევროპის 1988 წლის ჩემპიონმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა ერედივიზიონის მატჩის პირდაპირი ტრანსლიაციის დროს, რომელშიც „აიაქსი“ და „ჰერაკლესი“ (4:1) ხვდებოდნენ ერთმანეთს.
თამაშის დაწყებამდე FOX Sports-ის ჟურნალისტი ჰანს კრაი ინტერვიუს იღებდა „ჰერაკლესის“ გერმანელი მწვრთნელისგან ფრანკ ვორმუტისგან. ინტერვიუს ბოლოს, ტრანსლიაციაში მოხვდა ვან ბასტენის მიერ სტუდიაში წარმოთქმული სიტყვები. 55 წლის ლეგენდამ, როგორც ჩანს, ხუმრობა გადაწყვიტა და ნაცისტური მისალმება წარმოთქვა (Sieg Heil). ვან ბასტენისთვის საუბედუროდ, იმ მომენტში მისი მიკროფონი ჩართული იყო და ეს სიტყვები ეთერში მოხვდა.
ცოტა ხანში, ვან ბასტენმა ტელემაყურებლებს ბოდიში მოუხადა. FOX Sports-მა ოფიციალურ განცხადებაში ყოფილი ფეხბურთელის კომენტარს „მიუღებელი“ უწოდა. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა რაიმე სასჯელს ვან ბასტენი.
მარკო ვან ბასტენი „ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელია (1988, 1989, 1992).