მარკ კარნი – აშშ-მა შემოგვთავაზა ეკონომიკურად წამგებიანი და უსამართლო პირობები, მე შევაჩერე სავაჭრო მოლაპარაკებები, კანადა ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს დოლარს დოლარზე გაათანაბრებს

22:41, 22.08.2026

კანადა ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს დოლარს დოლარზე გაათანაბრებს, რათა დაიცვას კანადელი დასაქმებულები, ფერმერები, ოჯახები და ბიზნესი, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.

მისივე თქმით, კანადის საპასუხო ზომები 8 სექტემბერს შევა ძალში და ისეთ სექტორებზე იქნება მიმართული, როგორებიცაა ფოლადი, რძის პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ცელულოზა და ქაღალდი, ელექტრონიკა.

„ასევე, ეს ზომები მოიცავს იმ პროდუქტებს, რომლებიც ამჟამად ექვემდებარება გაუმართლებლად დაწესებულ 232-ე და 338-ე მუხლების ტარიფებს. ეს არის მიზანმიმართული პასუხი, რათა დავიცვათ ჩვენი ინდუსტრიები და შევუქმნათ შესაძლებლობა, რომ კანადის ბაზარზე ამერიკულ პროდუქტებთან კონკურენცია შეძლონ. მომდევნო დღეებში გავავრცელებთ ინფორმაციას ამ ახალი სატარიფო ზომების დეტალების შესახებ“, – განაცხადა მარკ კარნიმ.

როგორც კარნიმ აღნიშნა, კანადამ ადრევე გააცნობიერა, რომ აშშ თავის უახლოეს მოკავშირეებს ტარიფებს დაუწესებდა.

„ჩვენ ილუზიები არ გვქონდა, თავიდანვე ვაცნობიერებდით, რომ აშშ შეიცვალა. ჩვენმა მთავრობამ სხვებზე ადრე გააცნობიერა, რომ აშშ ყველა თავის სავაჭრო ურთიერთობას გარდაქმნიდა, მთელ რიგ ტარიფებს დაუწესებდა თავის უახლოეს მოკავშირეებს და ეკონომიკურ ინტეგრაციას იარაღად გამოიყენებდა. ჩვენ გავაცნობიერეთ ისიც, რომ ზოგჯერ მისი ხელმოწერა ფანქრით იყო დაწერილი“, – აღნიშნა კარნიმ.

ამასთან, როგორც კანადის პრემიერმა აღნიშნა, კანადელებსა და ამერიკელებს შორის კავშირი ხანგრძლივი ისტორიისაა და კვლავაც ძლიერია, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

„ურთიერთსასარგებლო სავაჭრო შეთანხმება შესაძლებელია – ისეთი, რომელიც პატივს სცემს ჩვენს სუვერენიტეტს; რომელიც ეფუძნება ჩვენს ურთიერთშემავსებელ ძლიერ მხარეებს; რომელიც შეამცირებს ხარჯებს საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ოჯახებისთვის და შექმნის კარგ სამუშაო ადგილებს ჩვენი მუშაკებისთვის. კანადა ყოველთვის ისწრაფოდა ამ მიზნების მიღწევისკენ – მაშინაც კი, როდესაც აშშ-ის ყურადღება და ერთგულება ამ მიზნების მიმართ მერყეობდა. ჩვენ თანმიმდევრულად ვთავაზობდით გრძელვადიან პარტნიორობას, მაშინ როდესაც ამერიკა ხშირად მოკლევადიან გარიგებებს ამჯობინებდა. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში პარტნიორობასა და კონკურენტობას შორის არსებული უფსკრული ზედმეტად დიდი დარჩა. ამიტომვგუშინ საღამოს მე ჩვენს მოლაპარაკებებს დავავალე ოტავაში დაბრუნება. ჩვენ ვერ მივიღებთ იმას, რაც მათ შემოგვთავაზეს და არ გავცემთ იმას, რასაც ისინი გვთხოვენ“, – განაცხადა კარნიმ.

მისივე თქმით, კანადა მზად იყო, გაეუქმებინა დარჩენილი საპასუხო ტარიფები სტრატეგიულ სექტორებზე იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები თავის ტარიფებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა – ისეთ დონემდე, რომელიც კანადური კომპანიებისთვის აშშ-ში ექსპორტს ეკონომიკურად მომგებიანს გახდიდა. თუმცა, კარნის განცხადებით, იყო საკითხები, რომლებზეც კანადა კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

„ჩვენ არ ვიყავით მზად, კომპრომისზე წავსულიყავით ჩვენი სუვერენიტეტის, ფრანგული ენისა და ჩვენი კულტურის დაცვის საკითხებში. ამერიკელი კოლეგებისთვის ნათელი უნდა იყოს, ჩემი მთავრობისთვის და კანადისთვის ეს არასდროს ყოფილა მოლაპარაკების საგანი, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ბოლო წუთამდე ცდილობდა ამის შეცვლას. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული შესაძლო შეთანხმების მიმართულებით – შეთანხმების, რომელიც გააძლიერებდა კანადის პოზიციას და შეინარჩუნებდა მას, როგორც შეერთებულ შტატებთან მსოფლიოში საუკეთესო სავაჭრო შეთანხმების მქონე ქვეყანას. ეს მოიცავდა ჩვენი თითოეული ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სექტორისთვის საუკეთესო პირობების უზრუნველყოფას და ჩვენს მომავალ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით მეტ სიცხადესა და სტაბილურობას. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირის დასაწყისში გვჯეროდა, თითქოს მივიწევდით ურთიერთსასარგებლო შეთანხმებისკენ, ბოლო დღეებში შეერთებულმა შტატებმა შემოგვთავაზა ახალი პირობები, რომლებიც ეკონომიკურად წამგებიანი და უსამართლო იყო, ამცირებდა კანადისთვის მიღებულ სარგებელს და ეჭვქვეშ აყენებდა ნებისმიერი შეთანხმების საიმედოობას. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ ძალიან ბევრი მოითხოვეს და ძალიან ცოტა შემოგვთავაზეს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, აშშ-ის მოთხოვნების ერთობლიობამ გამოავლინა მათი ერთგულების საზღვრები ნამდვილი ეკონომიკური პარტნიორობის მიმართ. როგორც უკვე ვთქვი, ამის შედეგად გუშინ საღამოს მე შევაჩერე შეერთებულ შტატებთან სავაჭრო მოლაპარაკებები და ჩვენს მომლაპარაკებლებს დავავალე, ოტავაში დაბრუნებულიყვნენ“, – აღნიშნა კარნიმ.

კანადასა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა, ამერიკული ტარიფები კანადური საქონლის ფართო სპექტრზე ამოქმედდა. სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლაში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობამ კანადა დაადანაშაულა.

მსგავსი