აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობა კანადას სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს – „კანადისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, ითანამშრომლოს ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკასთან“
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა კანადა სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოტავამ უარი განაცხადა უკვე შეთანხმებული პირობების საბოლოო გაფორმებაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა კანადას ბაზარზე ნებისმიერ სხვა მსხვილ სავაჭრო პარტნიორზე უკეთესი პირობები შესთავაზა.
„კანადის მხრიდან ახალი მოთხოვნები და ადრე აღებული ვალდებულებებისგან უკან დახევა არღვევდა ბოლო დღეებში მიღწეულ ბალანსს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა ასევე აღნიშნა, რომ კანადა განაგრძობს ზომების მიღებას ამერიკული საქონლისა და მომსახურების მიმართ, მათ შორის მათ პირდაპირ აკრძალვას.
განცხადების მიხედვით, კანადა ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდა აშშ-ის ბაზარზე ნებისმიერ ქვეყანაზე უფრო ხელსაყრელი წვდომით.
„პრეზიდენტ ტრამპის სავაჭრო პროგრამის დაწყებიდან მოყოლებული კანადა კვლავაც სარგებლობდა მსოფლიოში საუკეთესო პირობებით – მაშინაც კი, როცა ჩინეთივით საპასუხო ზომებს იღებდა შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ეს არის კანადისთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან – „დიდი შვიდეულის“ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კანადასა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის შედეგადაც ამერიკული ტარიფები კანადური საქონლის ფართო სპექტრზე ამოქმედდა.