მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში წარმატებულ ემიგრანტ ქალებს დააჯილდოებენ
მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში  წარმატებულ ემიგრანტ ქალებს დააჯილდოებენ

დღეს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში „წარმატებული ემიგრანტი ქალების დაჯილდოების” ცერემონია გაიმართება.

ღონისძიება უკვე მესამე წელია საქართველოში ყოფილი ემიგრანტისა და იდეის ავტორის, ინა ასანიძის თაოსნობითა და თბილისის მერიის ხელშეწყობით იმართება. ორგანიზატორების  მიზანია, ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ქართველების საზოგადოებისთვის, საკუთარი სამშობლოსთვის გაცნობა და წარდგენა.

დიასპორული ორგანიზაციების მხრიდან, შერჩეულია თოთხმეტი  ქალბატონი 7 ქვეყნიდან:  ელიკო წიკლაური – გერმანია, ნინო ჩეხოშვილი – ამერიკა, ნინო ტაბატაძე – ამერიკა, თამარ სამხარაძე – საბერძნეთი, ლია ხუციშვილი – საბერძნეთი, ლიზი მორი – ისრაელი, ეკატერინე სიხარულიძე – ესპანეთი, მაკა ლომსაძე – უკრაინა, ბელა მახარაძე – გერმანია, შორენა ბარბაქაძე – ამერიკა, მზია ხუცაშვილი – საბერძნეთი, მაია კარიმპიდი – კვიპროსი, თამარ შალამბერიძე – გერმანია და თიკა სვანიძე – ჰოლანდია.

როგორც პროექტის ორგანიზატორი ინა ასანიძე აღნიშნავს, ღონისძიება ეძღვნება მათ, ვინც უცხო ქვეყნებში, საკუთარი ქვეყნის ელჩები არიან და ქართულ საქმეს აკეთებენ. „პროექტის მიზანია, თითეული მათგანის საქმიანობას იცნობდნენ და აფასებდნენ საკუთარ სამშობლოში. ეს არის ამ ქალბატონების ერთგვარი აღიარებაც და წახალისებაც”-განაცხადა მან.

ღონისძიებას დაესწრებიან და წარმატებულ ემიგრანტ ქალებს დააჯილდოებენ თბილისის მერი, კახა კალაძე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და საზოგადოების წარმომადგენლები. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება და საქართველოს მოსახლეობა ბევრ ემიგრანტ ქალს გაიცნობს, ვინც უცხო მიწაზე ქართულ საქმეს აკეთებს.