მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ ინფექციური საავადმყოფოსთვის სახელმწიფოსგან 300 ათასი ლარის გამოყოფის დასტურის მიღების შემდეგ, კლინიკა პაციენტებს კვლავ მიიღებს
მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ ინფექციური საავადმყოფოსთვის სახელმწიფოსგან 300 ათასი ლარის გამოყოფის დასტურის მიღების შემდეგ, კლინიკა პაციენტებს კვლავ მიიღებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ მათი კლინიკა სახელმწიფოსგან 300 ათასი ლარის გამოყოფის დასტურის მიღების შემდეგ, პაციენტებს კვლავ მიიღებს.

„გადაუდებელი სამუშაოების შესასრულებლად, გუშინ ჩატარდა გადაუდებელი დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა, გადაწყვეტილება მიღებულია. როდესაც ჩვენთან მოვა ამ გადაწყვეტილების დასტური, რა თქმა უნდა, ჩვენ ალბათ განვაახლებთ პაციენტების მიღებას. იმდენად მყისიერი იყო გადაწყვეტილება, ალბათ დასტურის მოსვლაც მყისიერი იქნება, ჩვენ იმედი გვაქვს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოეყო.

„ფინანსთა სამინისტროში უკვე ჩატარდა დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა და ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება გადაუდებელი სამუშაოებისთვის გამოიყენოს 300 ათასი ლარი. საკითხი ამით გადაწყვეტილია“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ორი დღის წინ განაცხადა, რომ თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა.

დატოვე კომენტარი