მარინა ეზუგბაია - თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გავიხალისოთ
მარინა ეზუგბაია - თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გავიხალისოთ

​თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გავიხალისოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.​

ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში არის კორონავირუსის ზომიერი კონტროლირებადი მატება, მაგრამ ეს უნდა შენარჩუნდეს და არ მოხდეს უმართავი სიტუაცია.

​„მოსახლეობამ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. არ მინდა, რომ მათ ყოველთვის შევახსენო და არასასიამოვნო იყოს, მაგრამ, როგორც მოქალაქისა და ინფექციონისტის თხოვნა იქნება, რომ მეტ-ნაკლებად თავი შევიკავოთ ზედმეტი გასვლებისგან.

გვაქვს ზომიერი კონტროლირებადი მატება, მაგრამ ეს რომ შევინარჩუნოთ და ჩვენთან არ მოხდეს უმართავი სიტუაცია. ალბათ, არ მოხდება, რადგან თავი აქამდე ასე მოვიტანეთ.

მოქალაქეები დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ ამ პროცესს, რაც საქართველოში ხდებოდა. აქედან გამომდინარე, რაღაცნაირად თვითშეზღუდვები დავიწესოთ და ცხოვრების წესი მაინცდამაინც არ გავიხალისოთ. „კოვიდთან“ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ რაღაცნაირად თავშეკავებით“, – განუცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, საქართველოში „კოვიდ-19“-ის მკურნალობის მიზნით „პლაქვენილის“ გამოყენება დროებით შეჩერდა.

პროტოკოლიდანპლაქვენილი“ ამოღებული არ არის, დროებით შეჩერებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაშიც ასე არის, რომ დროებით შეჩერებულია და ამოღებულია ამ სოლიდარობის კვლევიდან. ჩვენთანაც პროტოკოლში რჩება „პლაქვენილი“, მაგრამ ასეთივე კომენტარით არის გათვალისწინებული, რომ მისი გამოყენება დროებით შეჩერებულია“, – განუმარტა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.