მარინა ეზუგბაია - ჩვენი ცენტრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართული ინფრასტრუქტურა
მარინა ეზუგბაია - ჩვენი ცენტრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გამართული ინფრასტრუქტურა

ჩვენს ცენტრში მოსახლეობამ უნდა მიიღოს მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. ამის განუყოფელი ნაწილია პერსონალის პროფესიონალიზმი და გამართული ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, საავადმყოფოში დროებით შეჩერებულია კორონავირუსით და აივ-შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება.

„ჩვენ დროებით შევაჩერეთ კოვიდით და აივ-შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება. დანარჩენი პაციენტების მიღება-მკურნალობას ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანი და მოსახლეობის ინტერესი თანხვედრაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ცენტრში მოსახლეობამ უნდა მიიღოს მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების განუყოფელი ნაწილია სამედიცინო პერსონალის მაღალპროფესიონალიზმი, რომელიც ეპიდემიების მართვის პერიოდში არაერთხელ დაგვიმტკიცებია. მაღალპროფესიონალიზმთან ერთად, ხარისხის შენარჩუნებისთვის აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა. გამართული ინფრასტრუქტურის მოთხოვნა დღევანდელ პერიოდში არ არის ჩვენი ცენტრის ფუფუნება, ეს არის გადაუდებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროება და ისიც, რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ დაადასტურა, რომ საავადმყოფომ 20 აგვისტოდან კოვიდითა და აივ-შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა.