მარინა ეზუგბაია - 28 ქართველი სამხედრო ვირუსის დადასტურებისთანავე საიზოლაციო სივრცეში გადაიყვანეს, სხვა ქართველ სამხედროებს მათგან დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ
მარინა ეზუგბაია - 28 ქართველი სამხედრო ვირუსის დადასტურებისთანავე საიზოლაციო სივრცეში გადაიყვანეს, სხვა ქართველ სამხედროებს მათგან დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 28 ქართველი სამხედრო, რომელსაც ავღანეთში კორონავირუსი დაუდასტურდა, საქართველოში ჩამოყვანამდე, ნატო-ს წესების შესაბამისად, სპეციალურ საიზოლაციო სივრცეში იყო მოთავსებული და სხვა ქართველ სამხედროებს ინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.

მისივე თქმით, 28-ვე სამხედროს ინფიცირების წყარო ადგილობრივი მედპერსონალია.

„საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში, როტაციით მყოფი სამხედრო პირებიდან 28 პირს ტესტირების დროს დაუდასტურდა კოვიდვირუსი. ეს პირები გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავის სპეციალური რეისით საქართველოში ჩამოყვანილი იქნენ. მათ თან ახლდნენ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი. მათი ინფიცირების წყარო გახლავთ ადგილობრივი მედპერსონალი. იქიდან გამომდინარე, რომ სამხედრო ძალები ნატო-ს სარდლობის დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებიან, მათ ინფექციის დადასტურებისთანავე მოახდინეს მათი იზოლაცია სპეციალურ საიზოლაციო სივრცეში, ნატო-ს წესების შესაბამისად. შესაბამისად, საქართველოს სხვა სამხედრო პირებს ვირუსით ინფიცირება არ ემუქრება, ვირუსის გადადების შესაძლებლობა ნულოვანია, რადგან ყველა, ვისაც დაუდასტურდა, იყო განთავსებული ცალკე საიზოლაციო სივრცეში, სადაც მათ კვლევები და სამედიცინო დახმარებაც ჩაუტარდათ, ვიდრე ჩვენთან ჩამოვიდოდნენ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 28-ვე სამხედრო პირი იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდათ კვლევები და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„კლინიკა მინიმალური სიმპტომატიკითაა გამოხატული. გართულებები არც ერთთან არ შეინიშნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.